გიორგუნი: ესპანეთთან გაფორმებული HÜRJET-ის შეთანხმება ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს ქმნის

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჰალუქ გიორგუნმა განაცხადა, რომ შეთანხმება სცილდება მხოლოდ თვითმფრინავების გაყიდვას და მოიცავს სისტემებსა და გრძელვადიან თანამშრომლობას.

By
გიორგუნი: ესპანეთთან გაფორმებული HÜRJET-ის შეთანხმება ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს ქმნის / AA

თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ჰალუქ გიორგუნმა აღნიშნა, რომ ესპანეთის გადაწყვეტილებამ - შეიძინოს თურქეთის პირველი ადგილობრივი სასწავლო თვითმფრინავის, HÜRJET-ის 30 ერთეული, რომლის ღირებულებაც 3 მილიარდ დოლარს (2,6 მილიარდი ევრო) აჭარბებს - ანკარასთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობები წარმოშვა.

ანკარაში, თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) ობიექტებზე გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგუნმა თქვა, რომ ეს შეთანხმება ასახავს თურქეთის პროგრესს თავდაცვის მრეწველობასა და მაღალ ტექნოლოგიებში ბოლო ოცი წლის განმავლობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი იქცა ქვეყნად, რომელიც აწარმოებს მაღალ ტექნოლოგიებს, თავად იკმაყოფილებს თავდაცვის საჭიროებებს, უზიარებს განვითარებულ ტექნოლოგიებს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს და დღითიდღე იმყარებს ადგილს გლობალურ ბაზარზე.

თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ თავდაცვის სფეროში ადგილობრივი წარმოების წილი 82-83%-ია. „ეს ექსპორტი ჩვენივე ორიგინალური დიზაინით შექმნილი და განვითარებული პროდუქტით განხორციელდა“, - განაცხადა მან. HÜRJET-ის შექმნაში ჩართულ დაახლოებით 200 კომპანიასთან დაკავშირებით კი დასძინა: „თითოეულმა მათგანმა აიღო სერიოზული პასუხისმგებლობა, საუკეთესოდ შეასრულა იგი და შექმნა საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავი, რომელზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა“.

გიორგუნმა აღნიშნა, რომ თურქეთის საკუთარი საჭიროებებისთვის HÜRJET-ის თვითმფრინავების წარმოება უკვე მიმდინარეობს. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრმა ესპანეთმა კი ინტერესი გამოხატა ტექნიკური შეფასებების, ორივე ქვეყნის საჰაერო ძალებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის განხილვის შემდეგ. მან დაამატა:

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მოკავშირე ქვეყანაში - ესპანეთში. ეს არ არის მხოლოდ სასწავლო თვითმფრინავის გაყიდვის ხელშეკრულება. ეს არის კონტრაქტი, რომელიც პაკეტის სახით მოიცავს როგორც მიწისზედა სისტემებს, ისე სიმულაციურ სისტემებს, ტექნიკური მომსახურების სისტემებსა და თანამშრომლობის მოდელის მრავალ სიახლეს“.

გიორგუნმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტებით გზა ეხსნებათ ქვეკონტრაქტორ ფირმებსაც. მისი თქმით, სექტორმა მიაღწია სტრუქტურას, რომელიც 230 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს დაახლოებით 185 ქვეყანაში აწარმოებს.

საექსპორტო შესაძლებლობები

გიორგუნის განცხადებით, შეთანხმება ქმნის შესაძლებლობებს ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის, სხვადასხვა სისტემების ინტეგრაციისა და მომავალი მოდელების ერთობლივად განვითარებისთვის, რათა შემდგომში მათი ექსპორტი მესამე ქვეყნებში განხორციელდეს.

მან განმარტა, რომ პროცესის განმავლობაში ამ პაკეტში ჩაერთვება ვერსია, რომელიც მორგებული იქნება უშუალოდ ესპანეთის საჭიროებებზე. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი პრიორიტეტს ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან „მოგება-მოგების“ (win-win) მოდელებს, რაც როგორც ტექნოლოგიურ, ისე ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

ორშაბათს ესპანეთმა თურქეთის საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობასთან (TUSAŞ) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ოფიციალურად დაადასტურა 30 ერთეული HÜRJET-ის შეძენა 2,6 მილიარდი ევროს ღირებულებით.