აშშ-მა რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა
Financial Times-ის თანახმად, აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა რუსეთის დელეგაციასთან ორშაბათს საღამოს მოლაპარაკებები გამართა, ასევე მოსალოდნელია, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელსაც შეხვდება.
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი ორშაბათს აბუ-დაბიში ჩავიდა, რათა ომის დასრულების მიზნით, სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან და რუსულ დელეგაციასთან.
ინფორმაციის თანახმად, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსანსა და შეხვედრის შესახებ ინფორმირებულ ორ პირს ეყრდნობა, დრისკოლმა რუსებთან მოლაპარაკებები ორშაბათს ღამით დაიწყო და კონსულტაციების გაგრძელებას სამშაბათსაც გეგმავენ.
გავრცელებული ცნობებით, მოსალოდნელია დრისკოლის შეხვედრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთან.
აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებები შაბათ-კვირას ჟენევაში, უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის გამართულ შეხვედრებზე მიღწეულ პროგრესს მოჰყვა.
Financial Times-ი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებას ციტირებს: „დრისკოლი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ამ სამშვიდობო პროცესში. ამიტომ, მას შეუძლია ამ საკითხის რუსეთისთვის გაცნობა.“
სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, აბუ-დაბიში მყოფი სამი მხარე ერთად მართავს შეხვედრებს თუ ცალ-ცალკე.