ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ასადის დამხობის წლისთავზე, პრეზიდენტმა ალ-შარამ „ძლიერი სირიის“ აშენების პირობა დადო
აჰმედ ალ-შარამ დამასკოში, ომაიანთა მეჩეთში დილის ლოცვის შესრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლა გამართა.
ასადის დამხობის წლისთავზე, პრეზიდენტმა ალ-შარამ „ძლიერი სირიის“ აშენების პირობა დადო
ასადის დამხობის წლისთავზე, პრეზიდენტმა ალ-შარამ „ძლიერი სირიის“ აშენების პირობა დადო / AA

სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტოს (SANA) ცნობით, ასადის რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავზე, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ დადო პირობა, რომ ქვეყანა შედის რეკონსტრუქციის ახალ ეტაპზე, რომელიც „მის აწმყოსა და წარსულს შეეფერება“.

ორშაბათს, დამასკოს ომაიანთა მეჩეთში დილის ლოცვის შემდეგ გამოსვლისას, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ალ-შარამ სირიელებს ასე მიმართა: „ვერავინ, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, ვერ გადაგვეღობება გზაზე. ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგვაჩერებს და ერთად, ღვთის ნებით, ყველა სირთულეს გადავლახავთ. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის შეწევნით, სირიას კვლავ ძლიერად ავაშენებთ ისე, როგორც ეს მის აწმყოს, წარსულსა და უძველეს მემკვიდრეობას შეეფერება!“

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდეგი ეტაპი დაეფუძნება „დაუცველთა მხარდაჭერასა და ხალხში სამართლიანობის უზრუნველყოფას“.

SANA-ს ცნობით, ალ-შარამ დამასკოს ომაიანთა მეჩეთში განათავსა ქააბას საფარველის ნაწილი, რომელიც მას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა გადასცა.

ასადი, რომელიც სირიას დაახლოებით 25 წლის განმავლობაში მართავდა, გასულ დეკემბერს რუსეთში გაიქცა, რითაც წერტილი დაესვა ბაასის პარტიის რეჟიმს, რომელიც ხელისუფლებაში 1963 წლიდან იყო. შარას ახალი გარდამავალი ადმინისტრაცია იანვარში ჩამოყალიბდა.

უკეთესი მომავლისკენ

სირიელები ბაასის 61-წლიანი რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავზე ზეიმითა და იმ იმედით ხვდებიან, რომ მათი ქვეყანა თავისუფალ და უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნება.

დედაქალაქ დამასკოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმის დროს განცდილი გაჭირვება დასრულდა და გამოთქვამენ ნდობას, რომ ახალი ხელისუფლება სირიას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს, განსაკუთრებით თავისუფლების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კუთხით.

ასადის რეჟიმის კრახის შემდეგ შექმნილმა ახალმა მთავრობამ გადადგა ნაბიჯები საბაზისო სერვისების, მათ შორის ელექტროენერგიისა და საჯარო მოხელეთა ხელფასების უზრუნველსაყოფად და აღასრულა გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ივნისში გამოცემული საპრეზიდენტო განკარგულებით, საჯარო მოხელეთა ხელფასები 250 000 სირიული ლირადან (იმ დროისთვის დაახლოებით 15 დოლარი) 750 000 სირიულ ლირამდე (დაახლოებით 65 დოლარი) გაიზარდა.

მეორე მხრივ, დაიწყო 14-წლიანი დაბომბვების შედეგად მძიმედ დაზიანებული ქვეყნის ელექტროქსელის სარემონტო და ტექნიკური სამუშაოები. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მთავარ საწარმოო ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წარმოების სიმძლავრე აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირისა და თურქეთის მხარდაჭერით გაიზარდა.

თუ ძველი მთავრობის დროს ელექტროენერგია დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდათ, ახალი ზომებით მიწოდება სწრაფად გაიზარდა დღეში 8-10 საათამდე. გარდა ამისა, ალეპოში, ჰომსსა და დამასკოს მსგავს დიდ ქალაქებში, 15 წლის შემდეგ პირველად, საცდელი მიზნით, უწყვეტი 24-საათიანი ელექტროენერგია იქნა უზრუნველყოფილი.

ისეთი ციხეები, როგორებიცაა სედნაია, მეზეს სამხედრო ციხე და ხატიბი, რომლებმაც სირიელ ხალხში მძიმე კვალი დატოვეს, სამუდამოდ დაიხურა.

აღმოაჩინეთ
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"