ევროკავშირი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დაცვის პირობას დებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ამ სტრატეგიულ საწყალოსნო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პირობებში, იგი პირობას დებს პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის (გადაადგილების) თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ფონ დერ ლაიენმა X-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში შემდეგი აღნიშნა:
„ჩვენ განვიხილეთ ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტეში. ირანის ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს ნავიგაციის თავისუფლება“.
ეს განცხადებები ფონ დერ ლაიენისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა. მათ ასევე განიხილეს მომავალი ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტი. ფონ დერ ლაიენმა ეს სამიტი შეაფასა როგორც „გადამწყვეტი მომენტი გასული წლის ვალდებულებების შესასრულებლად და პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად“.
კრიზისის საფუძველი:
ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა ფაქტობრივად შეფერხებულია მარტის დასაწყისიდან, რაც ირანის მხრიდან საწყალოსნო გზის შევიწროების მცდელობას მოჰყვა. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი აშშ-ისრაელის თავდასხმებზე, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო.
ნორმალურ პირობებში ამ სრუტის გავლით დღეში დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, რაც გლობალური მიწოდების თითქმის 20%-ს შეადგენს. სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია ნავთობის ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე, დაარღვია სატრანსპორტო ხაზების სტაბილურობა და გააძლიერა შიში ხანგრძლივი ეკონომიკური ზიანის შესახებ.