ლიბიის მაღალი რანგის სამხედრო პირები ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ
თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კავშირი გაწყდა Falcon 50 ტიპის რეაქტიულ თვითმფრინავთან, რომელიც ტრიპოლის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ყოფნისას საგანგებო სიგნალი გადასცა.
თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კავშირი გაწყდა Falcon 50 ტიპის რეაქტიულ თვითმფრინავთან, რომელიც ტრიპოლის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ყოფნისას საგანგებო სიგნალი გადასცა.
ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, აბდულჰამიდ დიბეიბამ განაცხადა, რომ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი და რამდენიმე მაღალჩინოსანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
დიბეიბამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ სამშაბათს „დიდი მწუხარებითა და ტკივილით“ შეიტყო გენერალ-ლეიტენანტ მუჰამედ ალ-ჰადადისა და ლიბიის დელეგაციის სხვა წევრების გარდაცვალების შესახებ.
დაღუპულთა შორის, ალ-ჰადადის გარდა, არიან სახმელეთო ჯარების სარდალი, სამხედრო წარმოების სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველი და პრესსამსახურის ფოტოგრაფი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შემთხვევა ანკარიდან დაბრუნების გზაზე მოხდა, თუმცა გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები არ უსაუბრია.
ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კატასტროფა დიდი დანაკლისია ქვეყნისა და შეიარაღებული ძალებისთვის. მან დასძინა, რომ ლიბიამ დაკარგა ადამიანები, რომლებიც ქვეყანას „ერთგულებით, დისციპლინითა და ეროვნული თავდადებით“ ემსახურებოდნენ და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, კოლეგებსა და ლიბიის საზოგადოებას.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ მანამდე განაცხადა, რომ ანკარიდან აფრენილი და ლიბიისკენ მიმავალი კერძო თვითმფრინავის ნამსხვრევები ანკარის ჰაიმანას რაიონში იპოვეს.
მინისტრის თქმით, კავშირი იმ თვითმფრინავთან, რომელშიც ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი იმყოფებოდა, ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან აფრენისთანავე გაწყდა.
Falcon 50 ტიპის თვითმფრინავი, ბორტის ნომრით 9H-DFJ, ადგილობრივი დროით 20:10 საათზე ტრიპოლის მიმართულებით აფრინდა. იერლიკაიას ინფორმაციით, კავშირი დაახლოებით ადგილობრივი დროით 20:52 საათზე გაწყდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავმა ჰაიმანას მახლობლად საავარიო დაშვების შესახებ სიგნალი გაგზავნა, თუმცა პირველი საგანგებო სიგნალის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
მინისტრის ცნობით, ბორტზე ალ-ჰადადის ჩათვლით ხუთი მგზავრი იმყოფებოდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თავის თურქ კოლეგასა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებს შეხვდა. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამხედრო და უსაფრთხოების კოორდინაციის ფარგლებში განხორციელდა.