სარკოზი ლიბიიდან უკანონო ფინანსური სახსრების მიღების გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიიდან 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო ფინანსური სახსრების მიღების გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯა. სარკოზი გაამართლეს კორუფციის
პარიზის სასამართლომ ხუთშაბათს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეში, რომელიც ეხებოდა ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დასაფინანსებლად დახმარების მიღების ბრალდებებს.
სასამართლომ სარკოზის შემდგომში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო და პროკურორებს ერთი თვე მისცა, რათა ყოფილ პრეზიდენტს აცნობონ, როდის უნდა გამოცხადდეს ციხეში.
დაკავების გადაწყვეტილება ძალაში დარჩება მაშინაც კი, თუ სარკოზი გაასაჩივრებს განაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს, ვარაუდობენ, რომ მან კადაფისთან შეთანხმება დადო და იმ პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე მარტო დარჩენილ ლიბიის მთავრობას მხარი დაუჭირა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ.
მოსამართლემ სარკოზი გაამართლა სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში, და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სარკოზის კადაფისთან ასეთი შეთანხმება ჰქონდა ან რომ ლიბიიდან მიღებული თანხა სარკოზის კამპანიისთვის იქნა გამოყენებული.
მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ სარკოზიმ უნდა გადაიხადოს 100 000 ევროს (დაახლოებით 117 000 დოლარი) ოდენობის ჯარიმა.
70 წლის მემარჯვენე ლიდერის ეს საქმე, რომელიც უარყოფს ბრალდებებს, მისთვის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი იურიდიული პრობლემიდანაა.
სარკოზი, რომელიც 2007-2012 წლებში პრეზიდენტი იყო, მანამდე ორ ცალკეულ საქმეში იყო დამნაშავედ ცნობილი და ჩამოერთვა საფრანგეთის უმაღლესი ღირსების ორდენი, საპატიო ლეგიონი.
მოსამართლე ნატალი გავარინომ თქვა, რომ სარკოზიმ, როგორც იმ პერიოდის მოქმედმა მინისტრმა და პარტიის ლიდერმა, „მის დაქვემდებარებაში მყოფ და მის სახელით მოქმედ ახლო თანამშრომლებსა და პოლიტიკურ მხარდამჭერებს“ საშუალება მისცა, მიემართათ ლიბიის ხელისუფლებასთან „ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ან მისი მიღების მცდელობისთვის“.
სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება პროკურორების მოსაზრებისგან, რომ სარკოზიმ უკანონო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებით ისარგებლა.
სარკოზი გაამართლეს ცალკეულ საქმეში, რომელიც ეხებოდა ლიბიიდან მიღებული საჯარო ფონდების გაფლანგვას, პასიურ კორუფციას და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას.
განაჩენის გამოცხადებისას სარკოზი სასამართლოში მეუღლესთან, მოდელსა და მუსიკოს კარლა ბრუნი-სარკოზისთან ერთად იმყოფებოდა.
სარკოზის ორი ყოფილი ახლო თანაშემწეც გაასამართლეს. საფრანგეთის ლიდერის ყოფილი მარჯვენა ხელი, კლოდ გეანტი, დამნაშავედ ცნეს პასიურ კორუფციასა და გაყალბებაში, ხოლო ყოფილი მინისტრი ბრის ორტეფო - დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში.
სარკოზის 2007 წლის კამპანიის ხაზინადარი ერიკ ვოერტი გაამართლეს.
გადაწყვეტილება პარიზის სასამართლომ გამოაცხადა ფრანგულ-ლიბანელი ბიზნესმენის ზიად ტაკიედინის, რომელიც ამ საქმეში სარკოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იყო, ბეირუთში სამშაბათს გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ.
75 წლის ტაკიედინე რამდენჯერმე აცხადებდა, რომ 2006 და 2007 წლებში კადაფისგან სარკოზის და ყოფილი პრეზიდენტის გენერალურ მდივანს დაახლოებით ხუთი მილიონი ევრო ნაღდი ფულით გადასცა.
ტაკიედინემ მოგვიანებით უკან წაიღო ეს განცხადებები, შემდეგ კი უარყო, რომ უკან წაიღო. ამან კი სარკოზისა და ბრუნი-სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გამოიწვია მოწმის ზეწოლის ეჭვით.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სარკოზიმ და მისმა თანაშემწეებმა 2005 წელს კადაფისთან შეთანხმება დადეს, რათა უკანონოდ დაეფინანსებინათ საარჩევნო კამპანია, რომელშიც სარკოზიმ ორი წლის შემდეგ გაიმარჯვა.
პროკურატურის საქმე ეფუძნება შვიდი ყოფილი ლიბიელი მაღალჩინოსნის ჩვენებებს, გეანტისა და ორტეფოს ლიბიაში მოგზაურობებს, ფინანსურ ტრანსფერებს და ყოფილი ლიბიის ნავთობის მინისტრის შუქრი განემის რვეულებს, რომელიც 2012 წელს ვენაში, დუნაის მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს.
სარკოზი თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მრავალი იურიდიული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ცალკე ბრალდებები წაუყენეს კორუფციაში, ქრთამის აღებაში, გავლენის მოხდენაში და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დარღვევებში.
სარკოზი პირველად კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამი თვის განმავლობაში ის სასჯელს ელექტრონული სამაჯურით იხდიდა, შემდეგ კი პირობითად გაათავისუფლეს.
ფრანგ ლიდერს ასევე მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონო საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამო, რომელიც ცნობილია როგორც „ბიგმალიონის საქმე“. ამ ვადის ექვსი თვე საბოლოო იყო, ექვსი კი პირობითი.
სარკოზიმ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სარკოზიმ კორუფციაში მსჯავრდების შემდეგ ისეთი შედეგებიც განიცადა, როგორიცაა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის დაკარგვა.
მიუხედავად იურიდიული პრობლემებისა, სარკოზი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას საკუთარ თავს „ჰიპერ-პრეზიდენტად“ მოიხსენიებდა, საფრანგეთის მემარჯვენე ფრთაში კვლავ მნიშვნელოვან გავლენასა და პოპულარობას ინარჩუნებს. ცნობილია, რომ ის რეგულარულად ხვდება მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.