ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
გაერო: ეპშტეინის საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნით უნდა გამოიძიონ
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქალებისა და გოგონების მიმართ სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და გლობალური ხასიათი, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენდეს.
გაერო: ეპშტეინის საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნით უნდა გამოიძიონ
გაერო: ეპშტეინის საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნით უნდა გამოიძიონ / AA

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა მოუწოდეს ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. მათ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ გასაჯაროებულ დოკუმენტებში აღწერილი ძალადობა, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს უტოლდებოდეს.

ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მასალები შეიცავს „შემაშფოთებელ და სარწმუნო მტკიცებულებებს ქალებისა და გოგონების მიმართ სისტემატური და ფართომასშტაბიანი სექსუალური ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და ჩაგვრის შესახებ“.

განცხადების თანახმად, აღწერილი ქმედებები შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ მონობას, რეპროდუქციულ ძალადობას, წამებასა და საერთაშორისო სამართლის სხვა მძიმე დარღვევებს: „ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ჩადენილი ამ სისასტიკის მასშტაბი, ხასიათი, სისტემური სტრუქტურა და საერთაშორისო განზომილება იმდენად სერიოზულია, რომ სავსებით დასაშვებია მათი უმრავლესობის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევა“.

საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მოიცავს სამოქალაქო პირებზე ფართომასშტაბიან ან სისტემატურ თავდასხმებს, მათ შორის სექსუალურ მონობას, გაუპატიურებას, იძულებით პროსტიტუციას, ტრეფიკინგსა და მკვლელობას.

დოკუმენტების გასაჯაროება მოჰყვა „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტს“, რომელსაც ხელი 2025 წლის ნოემბერში მოეწერა. 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 3 მილიონზე მეტი გვერდი, ათასობით ვიდეო და ფოტო მასალა გამოაქვეყნა.

ექსპერტებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება რედაქტირების (ცენზურის) სერიოზული შეცდომების გამო, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, მასალების გამოქვეყნებამდე, მსხვერპლთა შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვია.

„კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“

ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღკვეთონ, გამოიძიონ და დასაჯონ ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობა.

„ნებისმიერი მოსაზრება, რომ ეპშტეინის საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს, მიუღებელია“, — აცხადებენ ექსპერტები. მათ აღნიშნეს, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც უნდა მდიდარი ან გავლენიანი იყოს იგი“ და მოუწოდეს აშშ-ის ხელისუფლებასა და სხვა მთავრობებს, უზრუნველყონ დამნაშავეთა სრული პასუხისმგებლობა და მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურება.

განცხადებაში ნათქვამია: „თუ მთავრობები ეფექტურად არ გამოიძიებენ და არ დასჯიან პასუხისმგებელ პირებს (მათ შორის თანამონაწილეობის ან დანაშაულზე თვალის დახუჭვისთვის), ეს საფრთხეს შეუქმნის იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას ისახავს მიზნად“.

სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანი გოგონების ტრეფიკინგის ფედერალური ბრალდებით სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო, 2019 წელს ნიუ-იორკის ციხეში თვითმკვლელობით გარდაცვლილი იპოვეს.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება