რით განსხვავდება ირანში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციები წინა ოპოზიციური მოძრაობებისგან?
ირანში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციები, რომლებიც ეკონომიკური კოლაფსით იყო გამოწვეული და ომისშემდგომ კონტექსტში ვითარდება, საზოგადოების მოთმინების შემცირებას და პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაყოფის ზრდას ასახავს.
დეკემბრის ბოლოს თეირანში დაწყებული და მთელ ირანში სწრაფად გავრცელებული საპროტესტო ტალღა არ წარმოადგენს მხოლოდ ირანში არსებული ეკონომიკური უკმაყოფილების მორიგ მაგალითს. ეს პროტესტები ქვეყანაში პერიოდულად განმეორებად სოციალურ და პოლიტიკურ დაპირისპირებათა ციკლში თვისებრივად განსხვავებულ ეტაპზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ქვეყნის ეკონომიკურმა კოლაფსმა გამოიწვია, ის სწრაფად გადაიზარდა უფრო ფართო ოპოზიციურ მოძრაობაში, რომელიც პოლიტიკურ ლეგიტიმაციას უპირისპირდება. ეს მოვლენები განვითარდა ომისშემდგომ კონტექსტში, რასაც თან ახლავს საზოგადოების მოთმინების ავსება, ელიტის ფენებში მზარდი დაპირისპირება და უცხოური ჩარევის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ირანი მრავალი საპროტესტო ტალღის მოწმე გახდა, რომელთაგან თითოეულმა წარუშლელი კვალი დატოვა სახელმწიფო-საზოგადოების ურთიერთობებზე.
2019-2020 წლების პროტესტები გამოწვეული იყო საწვავზე შეზღუდვების მოულოდნელი აღდგენითა და ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდით; იგი ძირითადად მატერიალურ უკმაყოფილებასა და რეპრესიებს ეფუძნებოდა. ამის საპირისპიროდ, 2022-2023 წლების აჯანყება, რომელიც მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, ფოკუსირებული იყო იდენტობაზე, სამოქალაქო თავისუფლებებსა და სისტემურ უსამართლობაზე.
ამჟამინდელი პროტესტები კი არცერთ ამ კატეგორიაში არ ჯდება სრულად. დღევანდელი გამოსვლები ეკონომიკურ კოლაფსს აშკარა პოლიტიკურ მოთხოვნებთან აერთიანებს, რაც მმართველობის წესისადმი ნდობის კიდევ უფრო მეტად დაცემაზე მიუთითებს.
პროტესტის გამომწვევი ფაქტორები ნაცნობი იყო: ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება, შიდა ბაზრების სტრუქტურული მოწყვლადობა და ცხოვრების ხარჯების კრიზისი, რომელიც დიდი ხანია ღრმავდება.
თუმცა, ეკონომიკური უკმაყოფილების პოლიტიკურ ლოზუნგებთან შერწყმის სისწრაფე აჩვენებს, რომ პროტესტმა რეაქციულ ეკონომიკურ რეფლექსს გადააჭარბა. ახლა სასწორზე მხოლოდ საარსებო წყარო კი არა, თავად ლეგიტიმაცია დგას.
ამ ახალი საპროტესტო ტალღის პირველი ეპიცენტრი თეირანის „დიდი ბაზარი“ და მასთან დაკავშირებული სავაჭრო ქსელები გახდა, რაც ირანის ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი საკვანძო წერტილია.
ისტორიულად, განსაკუთრებით 1979 წლის რევოლუციის დროს, თეირანის ბაზარი ასრულებდა გადამწყვეტ პოლიტიკურ როლს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური აქტორი, არამედ როგორც სტრატეგიული სოციალური სივრცე, სადაც საჯაროდ გამოიხატებოდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისი.
მაღაზიების დაკეტვა, გაფიცვები და პასიური წინააღმდეგობა ის კოლექტიური ქმედებებია, რომლებიც დიდი ხანია მიანიშნებენ პოლიტიკური სისტემისადმი ნდობის ეროზიაზე ეკონომიკის მართვის საკითხში.
ამ კონტექსტში, პირველი აქტორები, რომლებიც აუმხედრდნენ სისტემას, იყვნენ იმპორტზე დამოკიდებულ სექტორებში მომუშავე ვაჭრები, მცირე ბიზნესის მფლობელები და სავაჭრო ქსელები, რომლებიც პირდაპირ დააზარალა სავალუტო შოკმა.
2025 წლის 29 დეკემბრისთვის პროტესტი როგორც სივრცობრივად, ისე შინაარსობრივად საგრძნობლად გაფართოვდა. თავდაპირველად ბაზრითა და სავაჭრო ქუჩებით შემოფარგლული აქციები თეირანის მთავარ არტერიებსა და სიმბოლურ საჯარო სივრცეებს მოედო. მან გადალახა ეკონომიკური პროტესტის საზღვრები და მიაღწია ზღურბლს, სადაც პოლიტიკური მოთხოვნები სულ უფრო თვალსაჩინო გახდა.
ერთი დღის შემდეგ დემონსტრაციებმა ქვეყნის მასშტაბი ხასიათი მიიღო და კრიტიკულ გარდამტეხ წერტილს მიაღწია. 30 დეკემბერს ქუჩის აქციები გაიმართა არა მხოლოდ თეირანში, არამედ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა შირაზი, ქერმანშაჰი, ისპაჰანი, აჰვაზი და ქერეჯი.
უნივერსიტეტები და სტუდენტები აქტიურად ჩაებნენ პროტესტში, რამაც მოძრაობის სოციალური ბაზა მნიშვნელოვნად გაზარდა. სტუდენტების მონაწილეობამ ეკონომიკური ჩივილების პოლიტიკურ თავისუფლებასთან და წარმომადგენლობით მოთხოვნებთან შერწყმა უზრუნველყო, რამაც გააძლიერა პროტესტის სისტემური განზომილება.
იმავე დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ზოგიერთ რეგიონში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ცნობების გავრცელებასთან ერთად, პროტესტი დაბალი ინტენსივობის სოციალური დაძაბულობიდან ღია უსაფრთხოების კრიზისში გადაიზარდა.
8 იანვრის ღამეს საპროტესტო ტალღამ სრულიად ახალი განზომილება შეიძინა, როდესაც გამოსვლები პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ აშკარა რადიკალურ ქმედებებში გადაიზარდა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, პროტესტმა 21 პროვინციის სულ მცირე 46 ქალაქში იფეთქა, სადაც ისმოდა რადიკალური ლოზუნგები ირანის უზენაესი ლიდერის, ხამენეის წინააღმდეგ. ამ ესკალაციამ კი დღის წესრიგში დააყენა ფუნდამენტური კითხვა: რით განსხვავდება ეს საპროტესტო ტალღა ირანის წინა ბრძოლის ციკლებისგან?
ტრამპის ღია მხარდაჭერა მომიტინგეებს
პროტესტებმა გამოიწვია ინტენსიური დებატები არა მხოლოდ შიდა დინამიკის, არამედ საერთაშორისო რეაქციებისა და საგარეო პოლიტიკური რიტორიკის მეშვეობითაც.
დემონსტრაციების გაფართოებასთან ერთად, გამკაცრდა როგორც დასავლეთის განცხადებები, ისე ირანის პოლიტიკური და უსაფრთხოების წრეების რიტორიკა. არეულობა სულ უფრო მეტად წარმოჩინდა, როგორც ბრძოლა შიდა წესრიგსა და გარე ჩარევას შორის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 იანვარს Truth Social-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „თუ ირანი, როგორც მიჩვეულია, დახოცავს მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლის გახსნით ან ძალადობით, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა“. ტრამპმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები იქ მიღებული პრაქტიკაა და ხაზგასმით თქვა, რომ აშშ მზად არის რეაგირებისთვის.
5 იანვარს, საპრეზიდენტო თვითმფრინავში საუბრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. მან გააფრთხილა თეირანი, რომ მომიტინგეების მკვლელობის შემთხვევაში ისინი „ამერიკის შეერთებული შტატებისგან მკაცრ პასუხს“ მიიღებდნენ.
ირან-აშშ-ის ურთიერთობებში ნახევარსაუკუნოვანი მტრობის მიუხედავად, არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს მანამდე ასე ღიად არ გამოუთქვამს „ირანელი ხალხის გადარჩენის“ რიტორიკა. ირანის მმართველი ელიტისთვის ეს ენა გარდაუვლად აცოცხლებს კოლექტიურ მეხსიერებას ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ინტერვენციების შესახებ.
ირანული და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის პირველი 12 დღის განმავლობაში 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა სულ მცირე ერთი აქცია მაინც. 8 იანვრის ღამემდე დადასტურდა მინიმუმ 40 ადამიანის დაღუპვა და 2000-ზე მეტის დაკავება.
თუ პროტესტი გაგრძელდება და მსხვერპლი გაიზრდება, ტრამპის შემდგომი ნაბიჯები ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება.
განსხვავებული ხმები ირანელ ლიდერებს შორის
ირანის შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ოფიციალური პასუხები პროტესტებზე ძირითადად უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ხედვას ასახავდა.
ალი ხამენეიმ, რომელმაც დემონსტრაციები ბაზრის ვაჭრებისა და ხელოსნების საარსებო წყაროსთან დაკავშირებულ მოთხოვნებამდე დაიყვანა, მკაფიო ზღვარი გაავლო „ლეგიტიმურ პროტესტსა“ და „უწესრიგობას“ შორის.
„ჩვენი ადრესატი არის მომიტინგე, მაგრამ ქაოსის შემქმნელებთან საუბარს აზრი არ აქვს; მათი ადგილი გარკვეულია,“ — განაცხადა ხამენეიმ და მკაფიოდ განსაზღვრა სახელმწიფოს რეაგირების ფარგლები.
9 იანვარს გამოსვლისას ხამენეიმ 8 იანვრის პროტესტები შეაფასა, როგორც ვანდალების ქმედება, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტის სასიამოვნებლად საკუთარ შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.
სასამართლო ხელისუფლების პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი აღმოჩნდა. სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ, პროტესტის მეცხრე დღეს გასცა განკარგულება, რომ დაკავებულების მიმართ არანაირი შემწყნარებლობა არ გამოიჩინონ, საქმეები სწრაფად დასრულდეს და განაჩენები დაუყოვნებლივ იქნას მიღებული.
ეჯეიმ აშშ-დან, ისრაელიდან და დონალდ ტრამპისგან წამოსულ მხარდამჭერ განცხადებებზე მიუთითა და ამით სცადა ამ მკაცრი პოზიციის გამართლება, წარმოაჩინა რა უცხოელთა რეაქციები ქვეყანაში არსებული არეულობის რეალურ მიზეზთა მტკიცებულებად.
ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა უფრო კომპრომისული ტონი აირჩია. მან ხაზი გაუსვა ხალხის მიმართ თავშეკავებასა და შემწყნარებლობას და თავის გამოსვლაში თვითკრიტიკის ელემენტებიც ჩართო.
ამ კონტექსტში, აღმასრულებელ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ ჯაფარ ღაიმპენამმა 7 იანვარს განაცხადა, რომ ფეზეშქიანმა უსაფრთხოების ძალებს მისცა მითითება, თავი აარიდონ მომიტინგეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენებას, იმ პირობით, თუ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება.
ამ განსხვავებულ რეაქციებს ირანის სპეციფიკური სახელმწიფო არქიტექტურა განაპირობებს. მოქმედი კონსტიტუციური და ფაქტობრივი წესრიგის პირობებში, შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების აპარატი უშუალოდ უზენაესი ლიდერის დაქვემდებარებაშია; პრეზიდენტს კი ამ სფეროებში მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია.
შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში გაჟღერებული კომპრომისული რიტორიკა, იშვიათად გარდაიქმნება ხოლმე ინსტიტუციურ ცვლილებად.
პროტესტების შესახებ რიტორიკის კიდევ ერთი ყურადსაღები თვისება გახდა ისრაელთან დაკავშირებული წრეების მიერ რეზა ფეჰლევისთვის მინიჭებული ახალი მნიშვნელობა.
ისრაელთან ასოცირებულ მედიაში გავრცელებული მტკიცებები, თითქოს პროტესტები ფეჰლევის ლიდერობით მიმდინარეობს, უფრო მეტად მიუთითებს რეჟიმის შეცვლის სცენარების ფსიქოლოგიური და პოლიტიკური საფუძვლის მომზადებაზე, ვიდრე ადგილზე არსებულ რეალობაზე.
რეზა ფეჰლევი ირანულ საზოგადოებაში არ წარმოადგენს გამაერთიანებელ პოლიტიკურ ფიგურას; მისი გავლენა ძირითადად მცირე დიასპორული ჯგუფებით შემოიფარგლება.
მას არ გააჩნია არც ყოვლისმომცველი ლიდერობის პროფილი, რომელიც ირანის სხვადასხვა სოციალურ ფენას გააერთიანებდა, და არც ორგანიზაციული შესაძლებლობები, რომლებიც მწვავე კრიზისების მართვისთვის არის საჭირო.
მიუხედავად ამისა, ისრაელთან დაკავშირებული აქტორების ინვესტიცია ფეჰლევის სიმბოლურ როლში ასახავს არა ირანის შიდა პოლიტიკურ დინამიკას, არამედ გარე სტრატეგიულ გათვლებს. ამ კონტექსტში, ფეჰლევი რეჟიმის შეცვლის რიტორიკაში ფუნქციონირებს როგორც ინსტრუმენტი და არა როგორც ვალიდური ალტერნატიული ლიდერი.
ომისშემდგომი ფსიქოლოგია
მთავარი მახასიათებელი, რაც ამჟამინდელ პროტესტებს წინა ტალღებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ისინი ივნისის 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის შემდეგ დაიწყო.
ამ კონფლიქტის დროს პროისრაელური მედიასაშუალებები ცდილობდნენ ირანელების ქუჩაში გამოყვანას, თუმცა ამ მოწოდებებმა მაშინ გამოძახილი ვერ ჰპოვა. შედეგად, ეს აღიქმებოდა როგორც კონსოლიდირებული შიდა ფრონტისა და გაძლიერებული სახელმწიფო-საზოგადოების სოლიდარობის მტკიცებულება.
ირანის ხელისუფლებამ ომისშემდგომ პერიოდში ნაციონალიზმზე აქცენტით შედარებით რბილი რიტორიკა აირჩია. თუმცა, ეს დროებითი ერთიანობა მდგრადი არ აღმოჩნდა. მმართველობის სტრუქტურულმა სუსტმა წერტილებმა, მუდმივმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა და რეფორმების მოლოდინის გაცრუებამ კიდევ ერთხელ წარმოშვა საყოველთაო უიმედობა და მომავლის შიში.
აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებები ამ რისკების შესახებ მხოლოდ ოპოზიციური წრეებიდან კი არა, თავად სისტემის შიგნიდანაც მოდიოდა. ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჰასან რუჰანიმ და მოჰამედ ხათამიმ, პრეზიდენტ ფეზეშქიანთან ერთად, სხვადასხვა ტონით ისაუბრეს მართვის კრიზისის სოციალურ შედეგებზე.
ამ კონტექსტში, მიმდინარე პროტესტები, ისრაელის თვალსაზრისით, შეიძლება განიმარტოს როგორც ინდიკატორი იმისა, რომ ირანთან კონფლიქტი ფაქტობრივად არ დასრულებულა და ქვეყნის შიგნით ახალი მოწყვლადი ზონა გაჩნდა, რაც ირანს შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
დასკვნის სახით, ირანში ამჟამად მიმდინარე პროტესტები არ უნდა იქნას აღქმული არც როგორც დროებითი სოციალური უკმაყოფილება და არც როგორც სახელმწიფოსთვის დაუყოვნებლივ არსებული ეგზისტენციალური საფრთხე.
პირიქით, გადამწყვეტი ფაქტორებია: ომისშემდგომ პერიოდში საზოგადოების მოთმინების სწრაფი კლება, გარე ჩარევის აღქმის ხელახალი გააქტიურება და სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების უნარისადმი საყოველთაო უნდობლობა.
ეს ელემენტები ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ირანი შევიდა შიდა პოლიტიკური რყევების ფაზაში, რომელიც ხასიათდება მზარდი მოწყვლადობით.