ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
საკონსტიტუციო ტრიბუნალის კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?
პრეზიდენტი ნავროცკი ქვეყანაში დაბრუნდა
საკონსტიტუციო ტრიბუნალის კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?
საკონსტიტუციო ტრიბუნალის კრიზისი პოლონეთში

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვეჩკოვსკისა და თავმჯდომარის მოადგილის, ბარტლომეი სოხანსკის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გავრცელებულ ცნობას სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები და პოლიციის კორდონი მოჰყვა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება სასამართლოს თავმჯდომარე შვეჩკოვსკისა და მისი მოადგილე სოხანსკის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მოვლენების განვითარების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ხალხი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იულია პშილებსკა. სასამართლოს შენობა კი პოლიციის ალყაში მოექცა.

პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა სასამართლოს ღობე გადალახა, ნაწილმა კი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი დაუშინა, 3 პირი დააკავეს.

შვეჩკოვსკისა და მისი მოადგილის ჩამოშორების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა დროებით ყველაზე უხუცესმა მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ გადაიბარა.

პრეზიდენტი ნავროცკი ქვეყანაში დაბრუნდა

პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გაავრცელა: „ასეთ დროს პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. სენეგალში ფრენას ვწყვეტ და უკან ვბრუნდები“.

სენეგალის მიმართულებით აფრენილი ნავროცკის თვითმფრინავი ესპანეთის თავზე მობრუნდა და პოლონეთისკენ აიღო გეზი. ფრენების ონლაინ მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, ნავროცკის დაბრუნებას პირდაპირ რეჟიმში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ნავროცკი პოლონეთში დაბრუნდა.

ნავროცკი პრეზიდენტის სასახლეში შვეჩკოვსკის და უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარეს, ზბიგნიევ კაპინსკის შეხვდა.

პრეზიდენტი ნავროცკი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ძალით შევიდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნავროცკი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მივიდა, სადაც მისი შენობაში შესვლის მცდელობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მხარეებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. მოგვიანებით ნავროცკიმ ადგილი დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი X-ზე დაწერა: „სამართლის უზენაესობის აღდგენა ჩვენი ვალია. PiS-ის მმართველობის წლების განმავლობაში დაგროვილი უკანონობის შემდეგ, ეს არის რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესი, რომელიც გადამწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“.

აშშ-ის ელჩმა ვარშავაში, ტომ როუზმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა პოლონეთში განვითარებული მოვლენების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური დაძაბულობა ძალადობაში არ გადაიზარდოს.

ორი ელჩი გადადგა

როუზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პოლონეთის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული მომავალი, და განაცხადა, რომ ქვეყნის ძალა მის ხალხში, ინსტიტუტებსა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებაშია.

ამავდროულად, განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვეს პოლონეთის ელჩმა პეკინში იაკუბ კუმოხმა და ელჩმა ბუქარესტში პაველ სოლოხმა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც აშშ-ის ქალაქ ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა, პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის ჩარევა გაამართლა. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ეს ქმედება განხორციელდა იმ მიზნით, რომ კანონიერად არჩეულ მოსამართლეებს სასამართლოს საქმიანობის განახლების საშუალება მისცემოდათ.

ტუსკი შვეჩკოვსკის იმაში ადანაშაულებდა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულ მოსამართლეებს მოვალეობის შესრულების დაწყებაში უშლიდა ხელს.

PiS-ის მთავრობის დროს, 2022 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეული შვეჩკოვსკი, 2024 წლის 9 დეკემბერს მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ტუსკი შვეჩკოვსკის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სასამართლოში არჩეული მოსამართლეების საქმიანობის ბლოკირებაში სდებდა ბრალს.

ტუსკის ხელმძღვანელობით პროევროპული მთავრობა ხელისუფლებაში 2023 წელს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღდგენის დაპირებით მოვიდა.

პოლონეთში მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებულმა ხანგრძლივმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებამდე მიიყვანა.

აღმოაჩინეთ
დურანი: თურქეთისთვის თავდაუზოგავად და მტკიცედ მუშაობას გავაგრძელებთ
პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
უგანდაში 3,6 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას
შვედეთში მთავრობის თანამშრომლები ChatGPT-სა და Claude-ს აღარ გამოიყენებენ
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
ევროკავშირი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ამანათებზე დამატებით გადასახადს დააწესებს
ისრაელის ოპოზიციამ ამომრჩეველს ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად საარჩევნო ყუთებთან მისვლისკენ მოუწოდა
არაბული კოალიცია: „ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა განადგურდა"
ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთმა უკრაინაში, ხერსონის მიმართულებით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა
თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ირანის შეხვედრის კომუნიკე გამოქვეყნდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა