თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა, რომ ჩინეთთან დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მომცველი პარტნიორობის ფარგლებში მიზნად ისახავენ ჯამში 7 ათასი მეგავატის სიმძლავრის მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვების (შენახვის) ახალი სისტემებისა და 4 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობის ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განხორციელებას.
ბაირაქთარმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ენერგეტიკის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ.
მინისტრმა ბაირაქთარმა თავის პოსტში აღნიშნა: „COP31-ის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ენერგეტიკის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ხელი მოეწერა „განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“. ამ შეთანხმებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის მოცულობის გრანდიოზულ ინვესტიციას ითვალისწინებს, მიზნად ვისახავთ ჯამში 7 ათასი მეგავატის სიმძლავრის მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვების ახალი სისტემებისა და 4 ათასი მეგავატის ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის რეალიზებას“.
ბაირაქთარმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გაზრდასთან ერთად ტექნოლოგიების ტრანსფერსაც შეუწყობს ხელს, განაცხადა:
„აღნიშნული თანამშრომლობა არა მხოლოდ გაზრდის ჩვენს განახლებადი ენერგიის სიმძლავრეს, არამედ ტექნოლოგიების გაზიარებით უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ქარის ტურბინების კომპონენტების წარმოებასა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაში. ჩვენი ხედვის - „ეროვნული ენერგეტიკა 2040“-ის შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შეთანხმება, რომელიც განამტკიცებს ჩვენი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას და დააჩქარებს მწვანე ტრანსფორმაციას, სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის“.























