ისრაელის არმიამ, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ლიბანის სამხრეთში მდებარე ჰუჯეირის ხეობაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა და დაბა ხიამის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ცნობით, შუაღამის შემდეგ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰუჯეირის ხეობაში, კანტარას მიმართულებით განახორციელეს საჰაერო იერიში.
ისრაელის ძალებმა ასევე ავტომატური იარაღით დაცხრილეს დაბა ხიამი.
ღამის საათებში ისრაელის არმიამ შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ქვეყნის სამხრეთით, ბინთ-ჯუბაილის რაიონში მდებარე დაბა ჰადასაზეც.
NNA-ს ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ჰადასას დასავლეთ უბნის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან გახსნეს ცეცხლი.
ამავდროულად აღინიშნა, რომ დაბის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის სამხედრო მანქანები გადაადგილდებოდნენ.
ისრაელის თავდასხმები ლიბანში
ისრაელის არმიამ 2 მარტს ლიბანზე ინტენსიური საჰაერო იერიშები დაიწყო და ქვეყნის სამხრეთით მდებარე მრავალი დასახლების ოკუპაცია მოახდინა.
ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.
ლიბანსა და ისრაელს შორის 17 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ვადა შემდგომში რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მიუხედავად შეთანხმებისა, ისრაელის არმიამ 15 აგვისტოს გამთენიისას ლიბანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2 მარტიდან მოყოლებული ისრაელის თავდასხმების შედეგად ქვეყანაში 4 346 ადამიანი დაიღუპა.























