ირანის ლიდერი ალი ხამენეი აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა

თეირანმა ხამენეის მკვლელობა დაადასტურა და შურისძიების ფიცი დადო.

By
ირანის ლიდერი ალი ხამენეი აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა / Reuters

ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შედეგად დაიღუპა. განცხადების შემდეგ რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შურისძიებისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 86 წლის ხამენეის გარდაცვალების გამო, რომელიც ხელისუფლებაში 1989 წლიდან იყო, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა და შვიდდღიანი ოფიციალური დასვენება გამოცხადდა.

ტრანსლაციის დროს წამყვანმა განაცხადა: „უზენაესი ლიდერის მოწამეობრივი აღსასრულით მისი გზა და მისია არც დაიკარგება და არც დავიწყება მიეცემა; პირიქით, ის კიდევ უფრო დიდი სიმტკიცითა და ენთუზიაზმით გაგრძელდება“.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხამენეის „მკვლელები“ დაისჯებიან. „ირანელი ერის შურისძიება იქნება მკაცრი და გარდაუვალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანული მედიის ცნობით, თავდასხმისას ასევე დაიღუპნენ უზენაესი ლიდერის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი. სააგენტო Fars-ი და სხვა მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ოჯახის წევრების გარდაცვალება ინფორმირებულმა წყაროებმა დაადასტურეს.

ტრამპმა განაცხადა: „ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ იმ ამერიკელებისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ხამენეიმ და მისმა ბანდამ დახოცა ან დაასახიჩრა“.

ნეთანიაჰუმ კი ვიდეომიმართვაში აღნიშნა: „დღეს დილით განხორციელებული ძლიერი და მოულოდნელი თავდასხმით ჩვენ გავანადგურეთ ტირან ხამენეის რეზიდენცია“.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის ახლო გარემოცვასთან მართავდა შეხვედრას

აშშ-ის ორი წყაროსა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელმა და აშშ-მა შაბათს განხორციელებული თავდასხმა ისე დაგეგმეს, რომ იგი დაემთხვა ხამენეის შეხვედრას მის მაღალი რანგის მრჩევლებთან.

ისრაელი ამტკიცებს, რომ ხამენეის გარდა, მოკლულნი არიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ალი შამხანი და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი მოჰამედ პაქპური.

ირანულმა ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ხამენეი უსაფრთხო ადგილას ხვდებოდა შამხანის და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის.

ისრაელის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.

ტრამპმა Truth Social-ის პოსტში აღნიშნა, რომ ირანის ლიდერი მას შემდეგ მოკლეს, რაც დაზვერვამ მისი გადაადგილება დააფიქსირა. „ის ვერ დაემალა ჩვენს დაზვერვას და თვალთვალის უახლეს სისტემებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ისრაელთან; მას ან მასთან ერთად მოკლულ სხვა ლიდერებს ვერაფერი უშველიდა“, - თქვა მან.

აშშ-ის წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, აღნიშნეს, რომ ინფორმაციამ შეხვედრის შესახებ საჰაერო და საზღვაო ოპერაციის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოულოდნელობის ეფექტის შესანარჩუნებლად თავდასხმის მთავარი სამიზნე თავიდანვე ხამენეი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა ვარაუდი, რომ ირანის ლიდერი მიიმალებოდა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეხვედრა თავდაპირველად შაბათს საღამოს იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დილით გახდა ცნობილი მისი ჩატარების შესახებ, თავდასხმამ გადმოიწია.

შეხვედრის ზუსტი ადგილი არ დაზუსტებულა.

ოპერაციის პირველ ეტაპზე დარტყმა ხამენეის მაღალი დაცვის მქონე რეზიდენციაზე განხორციელდა თეირანში. Reuters-ის მიერ შესწავლილმა თანამგზავრულმა ფოტოებმა დაადასტურა, რომ კომპლექსი განადგურებულია.