FAO: ომის გამო გაზრდილი ენერგიისა და სასუქების ხარჯები სურსათზე ფასებს ზრდის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გაგრძელებამ შესაძლოა შეაფერხოს სურსათის გლობალური მიწოდება, გაზარდოს სასაქონლო ფასები და ხანგრძლივი გაურკვევლობა შეუქმნას ფერმერებსა და ბაზრებს მთელ მსოფლ

By
FAO: ომის გამო გაზრდილი ენერგიისა და სასუქების ხარჯები სურსათზე ფასებს ზრდის / Reuters

გაეროს სურსათის სააგენტომ პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა და თეირანის საპასუხო დარტყმებმა, ენერგიისა და სასუქების გაძვირების გამო, სურსათზე სასაქონლო ფასები გაზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ზომავს საერთაშორისო სასურსათო კალათის ყოველთვიურ ცვლილებებს, მარტში წინა თვესთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა.

ეს ზედიზედ მეორე ზრდაა. FAO-მ აღნიშნა, რომ ეს დიდწილად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ენერგიის ფასების მატებით არის გამოწვეული.

ინდექსის ფარგლებში, თებერვალთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი - 5,1%-იანი ზრდა მცენარეული ზეთების კატეგორიაში დაფიქსირდა. FAO-ს თანახმად, პალმის ზეთის ფასებმა, ნედლ ნავთობზე ფასების ნახტომის გამო, 2022 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ამასთანავე, FAO-მ აღნიშნა, რომ მარცვლეულის „ზოგადად ადეკვატურმა“ მიწოდებამ გარკვეულწილად შეამსუბუქა კონფლიქტის გავლენა.

FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა, მაქსიმო ტორერომ განაცხადა: „კონფლიქტის დაწყებიდან ფასების ზრდა ზომიერი იყო, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ნავთობის მაღალი ფასები მარცვლეულის ფართო გლობალური მარაგებით დაბალანსდა“.

თუმცა, ტორერომ ასევე გააფრთხილა, რომ თუ კონფლიქტი 40 დღეზე მეტხანს გაგრძელდება და სასუქების ფასების ზრდა შენარჩუნდება, „ფერმერებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: აწარმოონ იგივე რაოდენობა ნაკლები რესურსით, შეამცირონ ნათესები ან ნაკლები ყურადღება დაუთმონ იმ კულტურებს, რომლებიც სასუქების ინტენსიურ გამოყენებას მოითხოვს“.

„ეს არჩევანი გავლენას მოახდენს მომავალ მოსავლიანობაზე და განსაზღვრავს სურსათის მიწოდებასა და სასაქონლო ფასებს როგორც მიმდინარე წლის ბოლომდე, ისე მომავალი წლის განმავლობაში“, — დასძინა ტორერომ.

FAO-მ ასევე დაადგინა, რომ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის მარშრუტების შეფერხებამ „დამატებითი გაურკვევლობა“ შექმნა ხორბლისა და სიმინდის ბაზარზე.