გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში გაგზავნილმა ანონიმურმა ელექტრონულმა წერილმა ბომბის მუქარის შესახებ, შეშფოთება და სკოლების ევაკუაცია გამოიწვია.
იტალიური ტელეარხ Rainews24-ის ცნობით, გასულ კვირებში სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და თვითმფრინავების მიმართულებით გავრცელებული ცრუ შეტყობინებების შემდეგ, დღეს ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა. დედაქალაქ რომის გარდა, ბომბის მუქარა მიიღო მრავალმა სკოლამ მილანში, ტრიესტში, ბოლონიაში, ნეაპოლში, რეჯო-კალაბრიასა და კუნძულ სარდინიაზე.
ელექტრონულ წერილში, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, ხელს ვინმე „მიხაილ ანდროპოვი“ აწერდა, ეწერა, რომ რამდენიმე სკოლაში ბომბი იყო დამონტაჟებული, რის გამოც მრავალი სასწავლო დაწესებულების ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ სკოლებში, რომლებმაც მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს, ყველა საჭირო შემოწმება ჩატარდა.
მუქარის წერილში ეწერა: „ჩვენ თქვენს გასანადგურებლად მოვედით“.
იტალიის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბომბის მუქარა 312 სკოლას შეეხო: „მსურს დავამშვიდო საზოგადოება, ვინაიდან ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს. ამიტომ, პანიკისა და შიშის საფუძველი არ არის“.
ცნობების მიხედვით, მუქარის შემცველი შეტყობინებების შემდეგ, რამაც ქვეყანაში პანიკა და სკოლების დაცლა გამოიწვია, პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ უსაფრთხოების კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა მელონიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა:
„მთავრობა ყურადღებით აკვირდება სკოლებში ბომბის მუქარის შემცველ მრავალრიცხოვან შეტყობინებებს. სამართალდამცავი ორგანოები და ყველა დონის საჯარო უწყებები მუშაობენ ვითარების მონიტორინგზე, რათა მოქალაქეებს, ოჯახებსა და სკოლის პერსონალს სიმშვიდე დაუბრუნდეთ. ჩატარებული შემოწმების შედეგად, რეალური საფრთხის არსებობის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა. მიიჩნევა, რომ აღნიშნული შეტყობინებები უფრო მეტად საზოგადოებაში შიშისა და დაძაბულობის დათესვისკენ მიმართული სტრატეგიის ნაწილია. საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო მოკვლევა გრძელდება“.
მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ (M5S) დეპუტატმა ლუკა პირონდინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სერიოზული განგაშის სიგნალია და შინაგან საქმეთა მინისტრს, მატეო პიანტედოზის პარლამენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.























