მექსიკამ „ელ მენჩო“ მოკლა

"ელ მენჩოს“ მკვლელობამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია; ადგილი ჰქონდა გზების გადაკეტვას, ავტომობილების დაწვასა და შეიარაღებულ შეტაკებებს.

By
მექსიკამ „ელ მენჩო“ მოკლა / Reuters

მექსიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც ცნობილია როგორც „ელ მენჩო“ და „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) სავარაუდო ლიდერი, მექსიკელმა სამხედროებმა დასავლეთ შტატ ხალისკოში ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს.

კვირას, მექსიკის სახმელეთო ჯარების სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ხალისკოს შტატში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს, CJNG-ის შვიდი წევრი დაიღუპა, მათ შორის თავად ელ მენჩო.

მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა ოპერაცია ეროვნულ სადაზვერვო ცენტრთან და პროკურატურასთან თანამშრომლობით დაგეგმა და განახორციელა ტაპალპაში, ხალისკოში - რომელიც CJNG-ის ცნობილი სიმაგრეა. ოსეგუერას დასაკავებლად მობილიზებული იყო სამხედრო-საჰაერო ძალების არაერთი თვითმფრინავი და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები.

„ამ ოპერაციის დროს მექსიკელ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა, მათ კი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფება CJNG-ის ოთხი წევრი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაჭრილი მეხიკოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა,“ - იტყობინება სამინისტრო.

სამინისტრომ ასევე განაცხადა კიდევ ორი კარტელის წევრის დაკავების შესახებ. ამოღებულია სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის რაკეტმტყორცნები, რომლებსაც თვითმფრინავის ჩამოგდება შეუძლია, და ჯავშანტექნიკა.

ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის სამი წევრი დაიჭრა, რომლებიც მეხიკოს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია ჩატარდა „ორმხრივი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“.

აშშ-ისა და მექსიკის მთავრობებს მისი დაკავებისთვის ხელშემწყობი ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ, შესაბამისად, 15 მილიონი დოლარი და 300 მილიონი მექსიკური პესო ჰქონდათ დაწესებული.

მძაფრი საპასუხო რეაქცია

ოსეგუერა CJNG-ს მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა, როდესაც ის ჯერ კიდევ დაშლილი „მილენიოს კარტელის“ შეიარაღებულ ფრთას წარმოადგენდა. მოგვიანებით ჯგუფი გამოეყო მას და მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დანაშაულებრივ ორგანიზაციად იქცა, რაც ქვეყანაში ძალადობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი გახდა.

ყოფილი პოლიციელი ოსეგუერა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და ცნობილი გახდა კარტელის განსაკუთრებული სისასტიკითა და ნარკოტიკების საერთაშორისო ვაჭრობაში მზარდი როლით.

მის მკვლელობას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მძაფრი შურისძიება მოჰყვა; სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ცნობები გზების გადაკეტვის, მანქანების დაწვისა და შეიარაღებული შეტაკებების შესახებ.

ხალისკოში გუბერნატორმა პაბლო ლემუს ნავარომ, ზოგიერთ რაიონში ძალადობის ტალღის აფეთქების შემდეგ, „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვეს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.

ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა შტატებშიც, სადაც CJNG მოქმედებს, მათ შორის ტამაულიპასში, მიჩოაკანსა და ნაიარიტში, რის გამოც უსაფრთხოების ძალები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

„უსაფრთხოების კაბინეტი იტყობინება, რომ ფედერალური უწყებების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად ხალისკოს გარკვეულ რაიონებში გზების გადაკეტვის ფაქტები აღმოიფხვრა. ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცვაა,“ - ნათქვამია უსაფრთხოების კაბინეტის განცხადებაში.

აშშ-ისა და კანადის გაფრთხილებები

ძალადობის ტალღამ უცხოური მთავრობებიც აიძულა გაფრთხილებები გამოექვეყნებინათ.

აშშ-მა მოუწოდა თავის მოქალაქეებს მექსიკის რამდენიმე შტატში, უსაფრთხოების ოპერაციების, გზების გადაკეტვისა და კრიმინალური აქტივობების გამო, მომდევნო შეტყობინებამდე დარჩნენ იქ, სადაც არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: "მექსიკის მრავალ რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების ოპერაციების, გზების გადაკეტვისა და კრიმინალური ქმედებების გამო, აშშ-ის მოქალაქეები მომდევნო შეტყობინებამდე უნდა დარჩნენ ადგილზე."

„გზების გადაკეტვამ გავლენა მოახდინა საჰაერო მიმოსვლაზეც; გვადალახარასა და პუერტო-ვალიარტაში ზოგიერთი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაფრთხილება ეხება ხალისკოს შტატს (მათ შორის პუერტო-ვალიარტას, ჩაპალასა და გვადალახარას), ასევე ტამაულიპასს, მიჩოაკანის ნაწილს, გერეროსა და ნუევო-ლეონს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოსცა გაფრთხილება ხალისკოს შტატში ძალადობისა და გზების გადაკეტვის შესახებ და აღნიშნა, რომ პუერტო-ვალიარტაში მოქმედებს ბრძანება ადგილზე დარჩენის შესახებ.

კანადელებს მოუწოდეს, შტატში ყოფნისას ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

Air Canada-მ ასევე გამოაცხადა პუერტო-ვალიარტას მიმართულებით ფრენების შეჩერება „უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების“ გამო და მგზავრებს ურჩია, არ მივიდნენ აეროპორტში.

შეინბაუმმა სიმშვიდისკენ მოუწოდა

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ყველა შტატის მთავრობასთან „მჭიდრო კოორდინაციაა“.

შეინბაუმმა X-ზე დაწერა: „ყველა შტატის მთავრობასთან გვაქვს ზუსტი კოორდინაცია; უნდა შევინარჩუნოთ ინფორმირებულობა და სიმშვიდე“, და დასძინა, რომ „ქვეყნის უმეტეს ნაწილში საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“.

შეინბაუმმა აღიარა ოპერაციის შემდეგ შექმნილი შეფერხებები და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მოახსენა ფედერალური ძალების ოპერაციის შემდგომ „გზების სხვადასხვა გადაკეტვისა და სხვა რეაქციების“ შესახებ.

„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ მექსიკის მშვიდობის, უსაფრთხოების, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა მან.

ძალადობრივი მოვლენების გამო მექსიკაში რამდენიმე საფეხბურთო მატჩი გადაიდო.

გაუქმებულ შეხვედრებს შორის იყო მექსიკის Liga MX Clausura-ს ტურნირის მეშვიდე ტური, ქალთა ლიგის სხვადასხვა მატჩები და მექსიკასა და ისლანდიას შორის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა.