ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-თან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვენესუელამ მშვიდობიანი მოქალაქეების სამხედრო წვრთნა დაიწყო
ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ტრამპმა ვენესუელა გააფრთხილა "გაუთვლელი" შედეგების შესახებ, თუ უარს იტყოდა მიეღო მიგრანტები, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში ძალით შეიყვანეს.
აშშ-თან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვენესუელამ მშვიდობიანი მოქალაქეების სამხედრო წვრთნა დაიწყო
კარაკასში სამხედრო სწავლებების დროს, ბოლივარის ეროვნული რაზმის წევრი ქალს იარაღის გამოყენებას ასწავლის / AP
21 სექტემბერი 2025

ვენესუელამ მოაწყო ერთდღიანი სამხედრო წვრთნები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, კარიბის ზღვაში აშშ-ის განლაგების და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი მუქარების საპასუხოდ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ვაშინგტონმა ვენესუელის სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში საბრძოლო ხომალდები განალაგა და პუერტო-რიკოში F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ოპერაციად შეაფასა.

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა, რომ აშშ კარიბის ზღვაში "გამოუცხადებელ ომს" აწარმოებს. ეს განცხადება აშშ-ის თავდასხმების შემდეგ გაკეთდა, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელის სანაპიროსთან ათეული ნარკომოვაჭრე მოკლეს.

კარაკასი ასევე ადანაშაულებს აშშ-ს რეჟიმის შეცვლის მცდელობაში და ნავთობისა და სხვა რესურსების მოპარვაში.

კარაკასის ხალხმრავალ პეტარეს რაიონში, მთავარი ქუჩა ერთი დღით გადაიკეტა, რათა ჩატარებულიყო მინი-კურსები იარაღის გამოყენებასა და სხვა "რევოლუციურ წინააღმდეგობის" ტაქტიკებზე.

"აქ იმიტომ ვარ, რომ ვისწავლო ის, რაც უნდა ვისწავლო, რათა დავიცვა ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ერისთვის - ვენესუელასთვის," - თქვა 38 წლის ოფისის თანამშრომელმა ლუსბი მონტეროლამ. "არაფრის და არავისი არ მეშინია," - დასძინა მან.

"ნავთობი, ოქრო, ბრილიანტები"

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დიდი ხანია ცდილობს სამოქალაქო პირების მობილიზებას ამ მზარდი დაძაბულობის ფონზე.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ათასობით მოხალისე სამხედრო ყაზარმებში წვრთნებისთვის გამოიძახეს, მადურომ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, რაიონებში წასულიყვნენ.

პეტარეში სამხედროები 30-კაციან ჯგუფებად მოხალისეებს ასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას, სხვა საკითხებთან ერთად, ნიღბების ტარებასა და პირველადი დახმარების საფუძვლებს.

სავარჯიშო სესიები ასევე ჩატარდა კარაკასის გარეთ, სან კრისტობალსა და ბარინასში.

"ეს ყველაფერი ნავთობთან, ოქროსთან, ბრილიანტებთან... ანუ ჩვენს რესურსებთანაა დაკავშირებული", - თქვა 16 წლის ჯონ ნორიეგამ, რომელიც პეტარეს ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად მივიდა. "ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რაც ჩვენ გვეკუთვნის," - დასძინა მან.

სახელმწიფო ტელევიზიის კადრებში ჩანდა სანაპიროები, სადაც სათევზაო ნავები სამხედრო გემებთან ერთად მიცურავდნენ.

"დღეს გარდამტეხი მომენტია სამხედრო რევოლუციაში, რომელსაც ჩვენ, ხალხი და შეიარაღებული ძალები ერთად ვწერთ. ეს არის ნამდვილი სამხედრო რევოლუცია!" - განაცხადა ლოპესმა.

ვენესუელამ კარიბის ზღვაში, ლა ორჩილას კუნძულზე სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, აშშ-ის შვიდი გემისგან შემდგარი ფლოტისა და ბირთვული წყალქვეშა ნავისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ.

"გაუთვლელი"

ტრამპმა, თავის მხრივ, ვენესუელა გააფრთხილა "გაუთვლელი" შედეგების შესახებ, თუ უარს იტყოდა მიეღო მიგრანტები, რომლებიც, მისი მტკიცებით, "აშშ-ში ძალით გაგზავნა".

"ჩვენ გვინდა, რომ ვენესუელამ სასწრაფოდ მიიღოს ის კრიმინალები და ფსიქიურად დაავადებული ადამიანები, რომლებიც მან ძალით გაგზავნა აშშ-ში - მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ცუდი ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან," - განაცხადა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპმა განაცხადა, რომ ათასობით ადამიანს ზიანი მიაყენეს ან მოკლეს ამ "მხეცებმა" და დასძინა: "სასწრაფოდ გაყარეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გადაიხდით ფასს, რომელიც გაუთვლელი იქნება!" თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ქმედება შეიძლება განახორციელოს.

გარდა ამისა, შაბათს YouTube-ის არხი, სადაც მადურო ხშირად აქვეყნებდა თავის გამოსვლებს, პლატფორმიდან გაქრა.

აღმოაჩინეთ
თურქეთის ეკონომიკა 3,7%-ით გაიზარდა; ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია
ერდოღანმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
მიხეილ ყაველაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ BBC-ის „დაუსაბუთებელ“ ბრალდებებს გამოეხმაურა
თურქეთი 2026 წელს პაკისტანის ხუთ საბადოზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს დაიწყებს
ევროკავშირი დათანხმდა, 2027 წლამდე რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტოს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელისგან სირიაში ოკუპირებული გოლანის მაღლობებიდან გასვლა მოითხოვა
კატარი ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „მეორე ეტაპის“ დაწყებას ითხოვს
რუსეთის მიერ ორი ქალაქის აღების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, პუტინი კონფლიქტის ზონას ეწვია
რუსეთიდან საქართველოში მიმავალ, მზესუმზირის ზეთით დატვირთულ ტანკერს თავს დაესხნენ
აზიაში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-ს მიუახლოვდა
კოლუმბიამ ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ებრაული სექტის წევრები ქვეყნიდან გააძევა
ისრაელმა ღაზაში 2 პალესტინელის მკვლელობა აღიარა; ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევაა
აშშ-სთან გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე, მადურომ „აბსოლუტური ერთგულების“ ფიცი დადო
კრემლი: პუტინი სამშაბათს აშშ-ის წარმომადგენელს, ვიტკოფს შეხვდება
თურქეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3,7 პროცენტით გაიზარდა