ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 3 წუთი
ისრაელი ირანში თავს დაესხა ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს; მოკლულია არმიის მეთაური
ისრაელმა თავდასხმით მოკლა ირანის გენერალური შტაბის უფროსი მოჰამედ ბაქირი და რევოლუციის გუშაგების ლიდერი ჰუსეინ სალამი; თეირანში და სხვა რეგიონებში აფეთქებები გაისმა.
ისრაელი ირანში თავს დაესხა ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს; მოკლულია არმიის მეთაური
/ Reuters

ისრაელმა თავდასხმები განახორციელა ირანის იმ ობიექტებზე, რომლებსაც "ბირთვულ და სამხედრო დანიშნულების მქონეებად" მიიჩნევს, ხოლო ირანული მედია იუწყება აფეთქებების შესახებ დედაქალაქ თეირანში და გენერალური შტაბის უფროსის მოჰამედ ბაქირისა და რევოლუციის გუშაგების მეთაურის ჰუსეინ სალამის მკვლელობის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, "შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაქირი დაიღუპა".

პარასკევის თავდასხმების შედეგად მოკლული ბაქირი 2016 წლიდან ირანის არმიას ხელმძღვანელობდა და თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ავტორად ითვლებოდა.

სალამი კი ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის საკვანძო ფიგურა და რევოლუციის გუშაგთა არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეთაური იყო.

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ასევე მოკლულნი არიან გენერალი გულამ ალი რეშიდი, არმიის მეთაურის მოადგილე და ბირთვული მეცნიერები ფერიდუნ აბასი, მოჰამედ მეჰდი და აჰმედ რეზა ზულფიკარი.

სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ "დედაქალაქ თეირანის სხვადასხვა ნაწილში ხმამაღალი აფეთქებები ისმოდა" და თავდასხმების შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცით, აფეთქებები ასევე ისმოდა ნათანზში, რომელიც მდებარეობს ირანის ცენტრალურ პროვინცია ისპაანში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ბირთვულ ობიექტს.

საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ "ისპაანის პროვინციაში, ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანაში ახალი აფეთქება" მოხდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი აჩვენა ქარხნიდან ამომავალი შავი კვამლის სქელი ბუღი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის თავდასხმები დაგმო და ისინი "საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად" შეაფასა. სამინისტრომ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანი "იტოვებს უფლებას გადამწყვეტად უპასუხოს" და "ისრაელის რეჟიმი თავისი აგრესიის შედეგების პირისპირ აღმოჩნდება".

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმას "მკაცრი პასუხი" მოჰყვება და რომ თელ-ავივი "მძიმე საფასურს გადაიხდის".

'მზადყოფნა ყველა საზღვრის მიღმა'

ცოტა ხნის წინ ისრაელის არმიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "IAF-ის (ისრაელის საჰაერო ძალები) ათობით თვითმფრინავმა დაასრულა პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა ირანის სხვადასხვა რეგიონში ათობით სამხედრო ობიექტზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს".

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამიზნე იყო ირანის წამყვანი ბირთვული მეცნიერები და ასევე დაარტყა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

ისრაელის დარტყმების ობიექტები მაშინვე ცნობილი არ გახდა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის დასავლეთით მდებარე ჩითგარის რაიონიდან კვამლი ამოდიოდა. ამ ტერიტორიაზე ცნობილი ბირთვული ობიექტები არ არის, თუმცა ასევე არ არის გარკვეული, მოხდა თუ არა ქვეყნის სხვა რეგიონებზე თავდასხმა.

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ისრაელმა სამსახურში ათი ათასობით ჯარისკაცი გამოიძახა.

ზამირმა თქვა: "ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენი საზღვრის გასწვრივ. ვაფრთხილებ ყველას, ვინც შეეცდება ჩვენს გამოწვევას, მძიმე ფასს გადაიხდის".

აშშ აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმაში რაიმე სახის როლი არ შეუსრულებია

ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის სამიზნე იყო ირანის ბირთვული ობიექტები.

ანონიმურობის პირობით ჟურნალისტებთან საუბრისას, ოფიციალურმა პირმა შეაფასა თავდასხმა, რომლის სამიზნეც ასევე "სამხედრო პოზიციები" იყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია ახორციელებს თავდასხმებს ირანზე და ამავდროულად ისრაელის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კაცმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელში "განსაკუთრებული მდგომარეობაა" და პარასკევს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაკეტილი იქნება. მან თავდასხმები თეირანის წინააღმდეგ "პრევენციულ" თავდასხმად შეაფასა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "ირანის წინააღმდეგ ისრაელის პრევენციული თავდასხმის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისრაელი ცალმხრივად მოქმედებდა.

რუბიომ თქვა: "ისრაელი ცალმხრივად მოქმედებდა. ჩვენ ირანზე თავდასხმებში არ ვმონაწილეობთ".

"ირანის სამიზნე არ უნდა გახდეს აშშ-ის ინტერესები ან პერსონალი."

აღმოაჩინეთ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა
თურქეთმა კანადაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოხატა
არაღჩი: ნეთანიაჰუ ციხის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ომში ითრევს
რუსეთმა და უკრაინამ ღამის განმავლობაში ურთიერთდარტყმები განახორციელეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
თურქეთის საელჩო ბაქოში მინისტრ ფიდანთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს