გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (DSNS) წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ღამის საათებში ქვეყანაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. განცხადების თანახმად, დონეცკის ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ რუსეთის სამიზნე ქალაქი სუმიც გახდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინის ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ ღამით რეგიონის პორტის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიიტანა.
კიპერმა აღნიშნა, რომ თავდასხმისას პორტში მდგარი გემი დაზიანდა: „დაზიანდა ტოგოს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი. სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა“.
რუსეთის არმიამ თავდასხმა 128 შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით 128 ერთეული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთაგან 106-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.





















