ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზის მშვიდობის საბჭო შეიქმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საბჭოში „ყველაზე მნიშვნელოვანი ერების“ ლიდერები შევლენ.

By
ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზის მშვიდობის საბჭო შეიქმნა / AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზის მშვიდობის საბჭო ჩამოყალიბების პროცესშია და მასში „მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ერების“ ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

კვირას, თვითმფრინავში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ტრამპმა თქვა: „მშვიდობის საბჭო იქმნება. არსებითად, მასში ყველაზე მნიშვნელოვანი ერების ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერები იქნებიან... თუ ავიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერებსა და ერებს, მშვიდობის საბჭო სწორედ მათგან შედგება“.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად დიდი საერთაშორისო ინტერესია: „ყველას სურს ამ გაერთიანების ნაწილი იყოს“.

მოსალოდნელია, რომ საბჭოს ტრამპი უხელმძღვანელებს და მასში მსოფლიოს დაახლოებით 15 ლიდერი შევა. აღნიშნული საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პალესტინის ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდება, და გააკონტროლებს ღაზის აღდგენის პროცესს.

ქვეყნებს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, საბჭოში შევლენ, არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საუდის არაბეთი, ყატარი, ეგვიპტე და თურქეთი. გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ნიკოლაი მლადენოვი, შესაძლოა მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი იყოს ადგილზე (უშუალოდ კონფლიქტის ზონაში).

მიუხედავად ცნობებისა, რომ საბჭოს შესახებ განცხადება ამ კვირაში გაკეთდება, ტრამპს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მშვიდობის საბჭოს წარდგენას გასულ თვეში გეგმავდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადება რამდენჯერმე გადაიდო.

2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელმა ღაზაში 71 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, ხოლო 170 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.