დადგინდა, რომ 1979 წლიდან დღემდე გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა.
აშშ-ში, ჟურნალ „Scientific Data“-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დედამიწის ორი უდიდესი ყინულის მასის – გრენლანდიისა და ანტარქტიდის – დნობის პროცესები შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ 1979 წლიდან ამ ორ რეგიონში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა. მკვლევარების თქმით, ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ შეერთებული შტატების ტერიტორია დაახლოებით 1,5-მეტრიანი ყინულის ფენით დაიფაროს.
კვლევის თანახმად, დნობის 5/6 ნაწილი გამოწვეულია არა ჰაერის მაღალი ტემპერატურით, არამედ უფრო თბილი წყლებით, რომლებიც ყინულის ფენებს ქვემოდან და გვერდებიდან ათხელებს. დამდნარი მყინვარები პირდაპირ ოკეანეებში ჩაედინება.
ზღვის დონის 1-სანტიმეტრიანი მატება 2-დან 3 მილიონამდე ადამიანს წყალდიდობის საფრთხის წინაშე აყენებს
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ერიკ რიგნომ გააფრთხილა: „ყინულის ფენები სწრაფად დნება. ჩვენ ვადნობთ პოლარულ რეგიონებს, ზღვის დონე მსოფლიოს მასშტაბით იწევს და ეს სანაპირო ზონების დაუცველობას კიდევ უფრო გაზრდის“.
კვლევის კიდევ ერთმა ავტორმა, ნორთამბრიას უნივერსიტეტიდან, ინეს ოტოსაკამ ხაზი გაუსვა, რომ ზღვის დონის ყოველი 1-სანტიმეტრიანი მატება იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა წყალდიდობის მსხვერპლი გახდეს.
მყინვარების დნობა გლობალური დათბობის პროცესს ჩამორჩება
კიდევ ერთმა ავტორმა, ენდრიუ შეფერდმა აღნიშნა, რომ 1970-იან, 80-იან და 90-იან წლებში ყინულის ფენები შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში იყო, თუმცა დნობის ძირითადი პროცესი 2010-იან წლებში დაიწყო. „ეს საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილებები გლობალურ დათბობას ათწლეულებით ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის გათბობის შეჩერების შემთხვევაშიც კი, ცვლილებები კიდევ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება“.
კვლევითმა ჯგუფმა აღნიშნული დასკვნების გამოსატანად 27 სხვადასხვა სადამკვირვებლო თანამგზავრი და 45 დამოუკიდებელი კვლევა შეისწავლა.
















