ირანში მომხდარი არეულობისას 100-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა
ანტისამთავრობო პროტესტი 28 დეკემბრიდან მოყოლებული გრძელდება
კატარში ბაზირებული ტელეარხი Al Jazeera, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხდარი არეულობისას სულ მცირე 109 ირანელი სამართალდამცველი დაიღუპა.
გავრცელებულ ინფორმაციაში დემონსტრანტებს შორის დაღუპულთა რაოდენობა მითითებული არ ყოფილა.
28 დეკემბრიდან მოყოლებული ირანი ანტისამთავრობო პროტესტებმა შეძრა, რაც ირანული რიალის მკვეთრმა გაუფასურებამ და გაუარესებულმა ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. დედაქალაქ თეირანში დაწყებული დემონსტრაციები მოგვიანებით მრავალ სხვა დასახლებულ პუნქტსაც მოედო.
მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, თეირანელმა ექიმმა, რომელმაც ჟურნალ Time-ს ანონიმურობის პირობით მიაწოდა ინფორმაცია, აღნიშნა, რომ მხოლოდ თეირანის ექვს საავადმყოფოში 217 დემონსტრანტია დაღუპული, რომელთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით (საბრძოლო ვაზნებით) მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.