რუსეთმა უკრაინასთან მართლმადიდებლური აღდგომის გამო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინისგანაც ელოდება ცეცხლის შეწყვეტასთან შეერთებას.

By
რუსეთმა უკრაინასთან მართლმადიდებლური აღდგომის გამო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა / Reuters

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის გამო, 11 აპრილის ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე, უკრაინასთან სააღდგომო ზავი გამოაცხადა.

კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინული მხარისგანაც ამ გადაწყვეტილების დაცვას ელოდება.

განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომის (ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა) დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ადგილობრივი 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს მიეცათ მითითება, ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ფრონტზე საბრძოლო ოპერაციები შეაჩერონ.

„(რუსული) ძალები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.