ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
ანატოლიის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის წინამძღოლობით, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში (TBMM) 1923 წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი გავიდა.
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, რესპუბლიკისკენ მიმავალ გზაზე - რომელმაც თურქი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ახალი სახელმწიფოს შექმნით დააგვირგვინა - 1923 წლის 28 ოქტომბრის ღამე ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად იქცა.

ანკარაში, ჩანქაიას რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე გაჟღერებულმა და თურქეთის მომავლის განმსაზღვრელმა ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც მეორე დღეს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა (TBMM) მიიღო, ოფიციალურად განსაზღვრა თურქეთის ახალი სახელმწიფოს მმართველობის ფორმა.

რესპუბლიკისკენ მიმავალი გზა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წლებში ჩამოყალიბდა, რომელიც 1919 წლის 19 მაისს, სამსუნში მუსტაფა ქემალ ათათურქის ჩასვლით დაიწყო.

ერზურუმის კონგრესის დროს ათათურქმა მაზჰარ მუფიტ ქანსუს გაუმხილა, რომ გამარჯვების შემდეგ მმართველობის ფორმა რესპუბლიკა იქნებოდა, თუმცა იმდროინდელი პირობების გამო, ეს მოსაზრება გარკვეული დროის განმავლობაში საჯაროდ არ გაუმხელია.

1920 წლის 23 აპრილს, TBMM-ის გახსნით, საფუძველი ჩაეყარა ხალხის სუვერენიტეტზე დაფუძნებულ ახალ მმართველობას.

1923 წლის 24 ივლისს ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით თურქეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე აღიარების შემდეგ, 13 ოქტომბერს ანკარის დედაქალაქად გამოცხადება ახალი სახელმწიფოს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მოწყობაში მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა.

თუმცა, ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ შექმნილი ახალი სახელმწიფოს მმართველობის ფორმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრულიყო და სახელმწიფოს მეთაურის საკითხიც გადაწყვეტილიყო.

1923 წლის 27 ოქტომბერს მინისტრთა კაბინეტის გადადგომამ და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შეუძლებლობამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რამაც სახელმწიფო მმართველობაში ახალი სისტემის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა.

ისტორიული საღამო ჩანქაიაში

როდესაც კალენდარი 1923 წლის 28 ოქტომბერს უჩვენებდა, ანკარა თურქეთის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდა.

მუსტაფა ქემალ ფაშამ იმ საღამოს თავისი უახლოესი თანამებრძოლები ჩანქაიას რეზიდენციაში სადილზე მიიწვია.

ლათიფე ჰანუმის მიერ მომზადებულ სუფრასთან ისეთი მოღვაწეები შეიკრიბნენ, როგორებიც იყვნენ ისმეთ ფაშა, ქაზიმ ფაშა, ფეთჰი ბეი, ქემალეთინ სამი ფაშა, ხალიდ ფაშა, ფუათ ბეი და რუშენ ეშრეფ ბეი.

ჩანქაიას რეზიდენციაში გაცხადებული გადაწყვეტილება მეორე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტად იქცა, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

რესპუბლიკა 20:30 საათზე გამოცხადდა

1923 წლის 29 ოქტომბერს, ორშაბათს, TBMM ისტორიული განხილვების ასპარეზად იქცა, რომელმაც თურქი ხალხის მომავალში ახალი ფურცელი გადაშალა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ (AA) არქივში დაცული იმდროინდელი ფრანგულენოვანი ბიულეტენების თანახმად, პარლამენტი 18:00 საათზე შეიკრიბა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკის გამოცხადებას ითვალისწინებდა, პარლამენტის დღის წესრიგში განსახილველად შევიდა.

დებატების დროს სიტყვით გამოსულმა იუნუს ნადი ბეიმ რესპუბლიკის გამოცხადების აუცილებლობაზე ისაუბრა, სხვა დეპუტატებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები მმართველობის ახალ ფორმასთან დაკავშირებით.

განხილვების შემდეგ, 1921 წლის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და მიღებულ იქნა დებულება: „თურქეთის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა არის რესპუბლიკა“.

20:30 საათზე, სხდომაზე დამსწრე 158-ვე დეპუტატის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა.

პარლამენტში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ: „გაუმარჯოს რესპუბლიკას!“

ამგვარად, ხალხის სუვერენიტეტის კონცეფციამ, რომელსაც საფუძველი 1920 წლის 23 აპრილს TBMM-ის გახსნით ჩაეყარა, სახელმწიფოს მმართველობის ფორმაშიც მკაფიო ასახვა პოვა.

„თურქეთის რესპუბლიკა იქნება ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“

რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, იმავე დღეს, პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, 158-ვე დეპუტატის ხმით, გაზი მუსტაფა ქემალ ფაშა თურქეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.

პრეზიდენტის რანგში პარლამენტის ტრიბუნაზე პირველად გამოსულმა ათათურქმა ყურადღება გაამახვილა იმ სიმტკიცეზე, რაც თურქმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოავლინა და ახალი სახელმწიფოს მომავლის მიმართ თავისი ურყევი რწმენა გამოხატა.

ათათურქმა თავისი ისტორიული გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „თურქეთის რესპუბლიკა იქნება ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“.

რესპუბლიკის გამოცხადებით სახელმწიფოს მეთაურის საკითხი საბოლოოდ გადაიჭრა და მთავრობის ფორმირების წესიც თავიდან დარეგულირდა. პირველი მთავრობის დაკომპლექტება ისმეთ ფაშას დაევალა, ხოლო ფეთჰი ბეი TBMM-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.

რესპუბლიკის გამოცხადება 29 ოქტომბრის ღამეს და მომდევნო დღეს მოქალაქეებმა საყოველთაო ზეიმით აღნიშნეს. 1924 წლის 26 ოქტომბრის განკარგულებით გადაწყდა, რომ რესპუბლიკის გამოცხადების დღე 101 ზალპითა და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნულიყო.

1925 წლის 19 აპრილს მიღებული კანონით - მას შემდეგ, რაც მუსტაფა ქემალ ათათურქის წინამძღოლობით ახალმა თურქულმა სახელმწიფომ გეზი მოდერნიზაციისა და დემოკრატიისკენ აიღო - 29 ოქტომბერი „ეროვნულ დღესასწაულად“ გამოცხადდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

აღმოაჩინეთ
ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის ფრთა სინჯარში იარაღს დაყრის და ერაყის არმიაში მოახდენს ინტეგრაციას
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ახალი ულტიმატუმი ირანს:
ირანი: „მექის ალიანსის“ წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები თეირანს ეწვევიან
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
უზბეკეთმა ირანს „სამარყანდის ისტორიულ მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებული პოსტების გამო ნოტა გადასცა
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ათასობით ისრაელელმა თელ-ავივში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა
რუსეთი: უკრაინაში ლოჯისტიკურ ცენტრებსა და მშრალტვირთმზიდ გემს დავარტყით
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ირანს ხვალ დაესხას თავს ან მასთან დიდი შეთანხმება გააფორმოს
რუსეთი: უკრაინაში პორტსა და მოძრავ მშრალტვირთმზიდ გემს ვესროლეთ
თურქეთმა მკაცრად დაგმო იორდანიაში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა
უკრაინა: ოლეშკის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ
მინისტრი ფიდანი: რეგიონული საკითხების მოგვარებაში პასუხისმგებლობის აღებას გავაგრძელებთ
ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის გამოხმაურება რუმინეთთან გემზე თავდასხმაზე
სტამბოლში R4-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო