ისრაელის ძალებმა პირველად აღიარეს ღაზაში ხუთი წლის ჰინდ რაჯაბის მოკვლა, უარყვეს თავიანთი წინა პოზიცია და განაცხადეს, რომ მისი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ოთხშაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს შიდა სისხლისსამართლებრივ გამოძიებას მისი ჯარისკაცების მიერ 2024 წლის 29 იანვარს რაჯაბის, ხოლო 2025 წლის მარტში ღაზაში გადაუდებელი და ჰუმანიტარული დახმარების 15 თანამშრომლის მკვლელობის ფაქტებზე.
ისრაელი მანამდე უარყოფდა ამ მკვლელობებთან რაიმე კავშირს და თვეების შემდეგ ჩატარებულ წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მისი ძალები „მანქანის სიახლოვეს ან ცეცხლის გახსნის რადიუსში არ იმყოფებოდნენ“.
რაჯაბი ოჯახის იმ შვიდ წევრს შორის იყო, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა ისრაელის ცეცხლის ქვეშ მოექცა.
პირველ თავდასხმას გადარჩენილი რაჯაბი საათების განმავლობაში ტელეფონით ევედრებოდა დახმარებას პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ პარამედიკოსებს.
მის გადასარჩენად გაგზავნილი სასწრაფო დახმარების მანქანაც ცეცხლის ქვეშ მოექცა.
რაჯაბის უსულო სხეული ტყვიებით დაცხრილულ მანქანაში იპოვეს 12 დღის შემდეგ მას მერე, რაც ის პალესტინის „წითელ ნახევარმთვარეს“ სასოწარკვეთილი და მრავალსაათიანი სატელეფონო საუბრისას უკანასკნელად დაუკავშირდა.
რაჯაბის მიერ პარამედიკოსებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია და გააძლიერა მოთხოვნები მისი და ღაზაში მოკლული ათასობით სხვა ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ამ მოვლენით შთაგონებული ფილმი სახელწოდებით „The Voice of Hind Rajab“ 2026 წელს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.
ისრაელის ძალების განცხადებაში ნათქვამია:
„მტკიცებულებების გადახედვის შემდეგ და პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ სასწრაფო დახმარების მანქანის გადაადგილების კოორდინაციაში სავარაუდო ხარვეზების გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამხედრო პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილების მიერ ინციდენტზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყოს.“
ისრაელმა 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზაში გენოციდის წარმოებისას 73 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლა და 174 000-ზე მეტი დააშავა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
შუამავლები განაგრძობენ ძალისხმევას 2025 წლის 10 ოქტომბერს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის წინ წასაწევად.
ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევას 1 266 პალესტინელის დაღუპვა და 4 200-ის დაშავება მოჰყვა.






















