რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს რუსეთ-უკრაინის ომში თავისი პოზიციიდან უკან დახევისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ვითარება კონფლიქტის სრულიად ახალ დონეზე გადაყვანის რისკს შეიცავს.
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის სარაკეტო ტექნოლოგიის მიწოდებით „ცეცხლს ეთამაშებიან“.
დიდმა ბრიტანეთმა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიაზე წვდომის უფლებას მისცემს, რათა მან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობის მქონე Storm Shadow-ს ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების საკუთარი წარმოება დაიწყოს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი „უკრაინის გვერდით მხარდამხარ დგანან“ და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მიაწოდონ უკრაინას ის აღჭურვილობა, რაც მას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ“ თავის დასაცავად სჭირდება.


















