ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: ევროპის საჭიროება თურქეთის მიმართ უფრო დიდია
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღეს ევროპის საჭიროება თურქეთის მიმართ უფრო დიდია, ვიდრე თურქეთის საჭიროება ევროპის მიმართ. ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება“.
პრეზიდენტი ერდოღანი: ევროპის საჭიროება თურქეთის მიმართ უფრო დიდია
პრეზიდენტი ერდოღანი: ევროპის საჭიროება თურქეთის მიმართ უფრო დიდია / Anadolu Agency

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიო და რეგიონი კონფლიქტების, პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისა და სოციალური დაძაბულობის მორევშია, თურქეთი თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს წინ დასახული მიზნებისკენ და არ უხვევს თავისი კურსიდან.

მან აღნიშნა, რომ ყოველი მომხდარი მოვლენა თურქეთის გამძლეობაზე მიუთითებს:

„ჩვენს რეგიონში არსებული ყოველი კრიზისი ადასტურებს იმ დიდ პროგრესს, რომელსაც თურქეთმა ბოლო 23 წლის განმავლობაში მიაღწია და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ქვეყნის სტატუსს, როგორც „სტაბილურობის კუნძულისა“. დღეს, როდესაც ძველი დოგმები იმსხვრევა, გაურკვევლობა იზრდება და კაცობრიობა გამოსავლის ძიებაშია, თურქეთი, როგორც რეგიონის ყველაზე ძლიერი და სტაბილური ქვეყანა, დიდ ყურადღებას იპყრობს.

დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დღეს უკვე არსებობს თურქეთი, რომელიც ყველა სფეროში საკუთარ ფეხზე დგას და უფრო მეტიც - ყველაზე რთულ დროს მხარში უდგას თავის მეგობრებსა და ძმებს. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, როდესაც ვიმკით იმ სტრატეგიების ნაყოფს, რომლებსაც 23 წლის განმავლობაში მოთმინებით ვახორციელებდით. მმართველობის საპრეზიდენტო სისტემის უპირატესობების წყალობით, ჩვენ ვახერხებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ ომის დამანგრეველი შედეგები, რომელიც მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ევროპას, დიდ საფიქრალს უჩენს.“

ერდოღანმა ასევე ისაუბრა საბაჟო კავშირზე, რომელიც თურქეთსა და ევროკავშირს შორის 1996 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი. მისი თქმით, თურქეთი შეიცვალა, გარდაიქმნა, გააძლიერა ეკონომიკა და დემოკრატია, თუმცა ევროპული წრეების „დამახინჯებულ მიდგომაში“ თურქეთის მიმართ არაფერი შეცვლილა. ერდოღანის განცხადებით, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთს სწორედ ამ მენტალიტეტთან ბრძოლაც უწევს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვა ასე განაგრძო:

„სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მოგზაურობა კვლავ იმავე ნიადაგზე გრძელდება. თურქეთის მიმართ „სტრატეგიული სიელმე“, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბევრ ინსტიტუტში აშკარად ნარჩუნდება. დღეს საკითხი იმაში კი არ არის, თუ სად დგას ანკარა, არამედ იმაში, თუ სად სურს ბრიუსელს ყოფნა მომავლის მსოფლიოში და სად ხედავს საკუთარ თავს. უნდა გაცნობიერდეს, რომ ევროკავშირი ვერ გახდება გლობალური აქტორი და მიზიდულობის ცენტრი, თუ მასში თურქეთი სრულუფლებიანი წევრის სტატუსით არ იქნება.

ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომლის არსებობაც მხოლოდ გაჭირვების ჟამს გაახსენდებათ და რომლის კარზეც მხოლოდ მაშინ დააკაკუნებენ, როცა დასჭირდებათ. ევროკავშირმა კარგად უნდა დააფასოს თურქეთის კონსტრუქციული პოზიცია და თავი აარიდოს ისეთ ქმედებებსა თუ რიტორიკას, რაც ამას საფრთხეს შეუქმნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც თურქეთი არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა ისეთი, რომელიც მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროში იყო მოქცეული.“

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ხდება და სისტემა მრავალპოლარულობისკენ მიისწრაფვის. მისი თქმით, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, რომელიც ამ ახალი სისტემის ერთ-ერთი პოლუსი გახდება.

„დღეს ევროპას უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს ევროპა, ხვალ კი ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა ერდოღანმა. მან აღნიშნა, რომ ევროპა გზაგასაყარზეა: ან დაინახავენ თურქეთის მზარდ ძალას, როგორც შესაძლებლობას ევროკავშირის კრიზისიდან გამოსასვლელად, ან დაუშვებენ, რომ გარიყვის რიტორიკამ ევროპის მომავალი დააბნელოს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირები უარს იტყვიან პოლიტიკურ და ისტორიულ წინასწარგანწყობებზე და ფოკუსირდებიან თურქეთთან გულწრფელი და თანასწორი ურთიერთობების განვითარებაზე: „ასეთი ურთიერთობით მოგებული დარჩება ევროპის კონტინენტი, რომლის განუყოფელი ნაწილიც თურქეთია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს ჩვენი ერის ინტერესების შესაბამისად, მოთმინებითა და ღირსებით.“

აღმოაჩინეთ
ჯანმო: ჰანტავირუსის რისკი მსოფლიო მოსახლეობისთვის დაბალი რჩება
უკრაინელი ოფიციალური პირები: „დედაქალაქი კიევი რუსული ძალების ინტენსიური თავდასხმის ქვეშაა“
რუსეთი: სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა დონბასიდან უნდა გავიდეს
„საერთაშორისო ნულოვანი ნარჩენების ფორუმი“ სტამბოლში გაიმართება
თურქეთმა და ბელგიამ თავდაცვის, დიპლომატიური და სავაჭრო კავშირები გააღრმავეს
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანის საზღვართან დრონის აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიჭრა
ქეჩელი: თურქეთი მზად არის ნორმალიზაციის მცდელობების ფარგლებში სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობა დაიწყოს
NYT: „ისრაელის დაკავების სისტემაში პალესტინელები ფართომასშტაბიან სექსუალურ ძალადობას განიცდიან“
პრეზიდენტი ერდოღანი ყაზახეთში მიემგზავრება
ჯანმო: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ჰანტავირუსის ახალი შემთხვევებისთვის
თურქეთმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე არ უნდა იქნას გამოყენებული „იარაღად“
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი კატარშია
ესპანეთის მოწოდება ევროპული არმიის შექმნის შესახებ: ვერ გავიღვიძებთ იმ ფიქრით, თუ რას გააკეთებს აშშ
უკრაინის არმია: „ზავის დასრულების შემდეგ რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“
გეოპოლიტიკური მოვლენები თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს