თურქეთის შესაბამისი უწყებების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბოლო პერიოდში, უდავოდ, ერაყია... ორი ქვეყნის დელეგაციების მიერ ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, სამხედრო საქმე და ეკონომიკა, მომზადებულმა „საგზაო რუკამ“ ბოლო დღეებში უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი შეთანხმებებით რეალური სახე მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხია, საიდუმლო არ არის, რომ პროცესის ლოკომოტივი ენერგეტიკა იქნება. როგორც ანკარას, ისე ბაღდადის განცხადებები მოწმობს, რომ პროცესი ისეთი აქტუალური და კრიტიკული თემების გარშემო წარიმართება, როგორიცაა ნავთობი, მილსადენები და ენერგომომარაგება.
ერაყი საგარეო პოლიტიკის ახალ ეტაპზე გადავიდა
ORSAM-ის ერაყის კვლევების კოორდინატორი ფეიზულა თუნა აიგუნი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში მომხდარი გარკვეული მოვლენების ფონზე, ბაღდადის მთავრობამ საგარეო პოლიტიკაში იმ ხელისშემშლელი ფაქტორებისგან გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც მას ზღუდავდა.
ერაყის მთავარი საყრდენი წერტილი, რომელიც რეგიონულ აქტორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად, „განვითარების გზაა“ (Kalkınma Yolu). ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერაყმა დამოუკიდებლად შეძლოს ამ პროექტისა და სხვა საკითხების რეალიზება. აიგუნის თქმით, სწორედ აქ ერთვება საქმეში თურქეთი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალაა.
„თურქეთ-ერაყის ერთობლივი ნაბიჯები ძალიან ფართო არეალზე მოახდენს გავლენას“
აიგუნი ამ კონტექსტში მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს. იგი იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ ერაყულ მედიაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს „თურქეთი წყალს გადაგვიკეტავს, 48 საათში წყალი გათავდება“. იგი დასძენს, რომ ამგვარ ცნობებს ავრცელებდნენ ისინი, ვისაც ანკარასა და ბაღდადს შორის მოსალოდნელი პოზიტიური დინამიკის ჩაშლა სურდა.
თუმცა, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებისა და ლიდერებს შორის ნდობის ჩამოყალიბების შემდეგ, ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა. იგი აღნიშნავს, რომ ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ერაყის ჩრდილოეთიდან ნავთობის გაყიდვაა და განაგრძობს:
„ერაყი ძირითადად სამხრეთის საბადოებიდან მოპოვებულ ნავთობს ყიდის. აშშ-ისრაელ-ირანის დაპირისპირების გამწვავებამდე აქედან დღიურად 4,5 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდებოდა. თუმცა, ომის გამო ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ასეთი მნიშვნელოვანი ციფრი თვეში 30 მილიონ ბარელამდე დაეცა.
ეს ინფორმაცია პროცესის ფინანსურ მხარესთან ერთად უნდა განვიხილოთ. ერაყის შემოსავლების 90% ნავთობის გაყიდვიდან მოდის. აქ არსებული პრობლემა პირდაპირ უარყოფითად აისახება სახელმწიფო ხაზინასა და, ფაქტობრივად, ქვეყნის ყველა სფეროზე. კრიზისი ღრმავდება, რადგან ნავთობის გაყიდვის შეფერხების შემთხვევაში, ერაყს სხვა ალტერნატიული შემოსავლის წყარო არ გააჩნია.
თურქეთი აქ ერთვება პროცესში. მას სურს, გზა გაუხსნას ერაყის ჩრდილოეთ მილსადენის კვლავ მიმზიდველად ქცევას. რეალურად, ეს მილსადენი შესაძლებელს ხდის ერაყის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი ხაზის ხელახალ ამოქმედებას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ერაყი შეძლებს სამხრეთის საბადოების ნავთობი ქვეყნის ჩრდილოეთიდანაც გაყიდოს. ღია წყაროების თანახმად, ჩრდილოეთიდან გაყიდვები, რაც ამჟამად 10%-ით არის შემოფარგლული, შესაძლოა 50%-მდე გაიზარდოს. ეს კი ერაყის ხაზინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება“.
ეს იქნება გამოსავალი ჰორმუზის სრუტეში გაჭედილი ნავთობისთვისაც
სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ თურქეთისა და ერაყის დაახლოება ამ ორ ქვეყანაზე გაცილებით ფართო გეოგრაფიულ არეალზე მოახდენს დადებით გავლენას.
ფეიზულა თუნა აიგუნი ამისთვისაც ცალკე განმარტებას აკეთებს. იგი იხსენებს, რომ ყურის ქვეყნებიდან მსოფლიოში განაწილებული ნავთობი ომის გამო ჰორმუზის სრუტეში „გაიჭედა“. გარდა ამისა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, აღდგება თუ არა ძველი წესრიგი ჰორმუზში მდგომარეობის გამოსწორების შემდეგაც. ირანიც და აშშ-ც ხშირად აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის შესაძლოა საფასური დააწესონ.
აიგუნი განმარტავს, რომ თურქეთის მხარდაჭერით ერაყის არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება, მოდერნიზაცია და საბოლოოდ გამართული მოდელის შექმნა პირდაპირ გავლენას მოახდენს ყურის რეგიონზეც.
„ჰორმუზის სრუტეში მომწყვდეული ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ნავთობი ერაყის გავლით გახსნილი ხაზით სხვადასხვა რეგიონებში განაწილდება“, — ამბობს იგი და საუბარს ასე ასრულებს:
„ჩვენ ვისაუბრეთ თურქეთის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ერაყის მილსადენებისთვის. თუმცა, პროცესი ამით არ შემოიფარგლება. როგორც ცნობილია, არსებობდა ხაზიც, რომლითაც ქირქუქის საბადოების ნედლი ნავთობი სირიის გავლით ხმელთაშუა ზღვის ბანიასის პორტში მიდიოდა. ეს ენერგეტიკული ხაზი 2003 წელს აშშ-ის ინტერვენციის დროს დაზიანდა და დიდი ხნით დაიხურა. ახლა ამ ხაზის აღდგენაც დღის წესრიგშია. საუბარია იმაზე, რომ მისი ამუშავება 30-თვიანი მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, აქაც თურქეთს გარკვეული როლი ექნება. ანკარა, რომლის ურთიერთობებიც როგორც ერაყის, ისე სირიის ადმინისტრაციებთან ახალ განზომილებაში გადადის, მოსალოდნელია, რომ ამ პროცესშიც აქტიურ როლს ითამაშებს.
რეგიონში ეკონომიკური და ენერგეტიკული არქიტექტურის ფუნქციონირების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ახლა ეს ვითარება შეიცვალა. ამ „პაზლის“ ყველაზე დიდი ნაწილი დაზიანდა. ამიტომ, ალტერნატიულ ხაზს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს ახალი პროცესი, რომლის აშენებაც თურქეთს ერაყთან ერთად სურს, იქნება ზემოხსენებული ხელახალი დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი“.

















