ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
Airbus-მა ათასობით რეაქტიული თვითმფრინავის სასწრაფო შეკეთების ბრძანება გასცა, რამაც ქაოსი გამოიწვია
6 000-ზე მეტ Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავს, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ფარგლებში, სასწრაფო შეკეთება დასჭირდა. ამ ვითარებამ ავიაკომპანიები აიძულა, ფრენები გადაედოთ ან გაეუქმებინათ.
Airbus-მა ათასობით რეაქტიული თვითმფრინავის სასწრაფო შეკეთების ბრძანება გასცა, რამაც ქაოსი გამოიწვია
Airbus-მა ათასობით რეაქტიული თვითმფრინავის სასწრაფო შეკეთების ბრძანება გასცა, რამაც ქაოსი გამოიწვია / Reuters

ევროპულმა კომპანია Airbus-მა, მსოფლიოს მოქმედი საჰაერო ფლოტის ნახევარზე მეტის უკან გაწვევის პროცესის ფარგლებში, ფართოდ გამოყენებული 6 000 ერთეული A320 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავის დაუყოვნებლივ შეკეთების ბრძანება გასცა. ამ ვითარებამ მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები გამოიწვია, ამასთანავე, შექმნა არეულობის რისკი აშშ-ში, წლის ყველაზე დატვირთული მოგზაურობის დროს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული Airbus-ის ბიულეტენის თანახმად, შეკეთება პროგრამული უზრუნველყოფის წინა ვერსიაზე დაბრუნებას გულისხმობს და თვითმფრინავების ხელახლა აფრენისთვის ამ პროცედურის დასრულება აუცილებელია.

ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა მრავალ რეგიონში რეისების დაგვიანება და გაუქმება გამოიწვიოს.

თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა, Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ Airbus-ის მიერ პროგრამული განახლების გამოქვეყნების შემდეგ, A320 ოჯახის რვა თვითმფრინავზე საჭირო პროცედურები დაიწყო.

კომუნიკაციების დარგში უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, იაჰია უსტუნმა სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიერ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში მითითებული ნაბიჯების დასრულების შემდეგ, თვითმფრინავები „უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან მომსახურებას“.

უსტუნმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპერაცია უსაფრთხოდ მიმდინარეობს, ავიაკომპანია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ინსტრუქციებს ასრულებს და საჭირო განახლებებთან დაკავშირებით Airbus-თან თანამშრომლობს.

მოსალოდნელი დაგვიანებები

A320 ტიპის თვითმფრინავების ყველაზე მსხვილმა ოპერატორმა, American Airlines-მა განაცხადა, რომ აღნიშნული განახლება მისი ფლოტის დიდ ნაწილზე მოახდენს გავლენას და თითოეულ თვითმფრინავზე შესასწორებელი სამუშაოების დასრულებას სავარაუდოდ ორი საათი დასჭირდება.

ევროპულმა და აზიურმა ავიაკომპანიებმაც შეატყობინეს შესაძლო დაგვიანებების შესახებ, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ შეფერხებები შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

რამდენიმე ავიაკომპანიამ, ტექნიკური სამუშაოების მასშტაბისა და დაზარალებული თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწაზე დაშვების გათვალისწინებით, უკან გაწვევის პროცესს „მნიშვნელოვანი“ უწოდა.

Air France-KLM-მა განაცხადა, რომ Airbus-ის ამ შეტყობინების შემდეგ ათობით რეისი გააუქმა, ხოლო ლათინური ამერიკის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მსხვილმა ავიაკომპანიებმა დაადასტურეს ოპერაციული შეფერხებები, რადგან მათ უკვე დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის საჭირო ცვლილებების ჩატვირთვა.

ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, შექმნილი ვითარების გავლენის შესამცირებლად, ბილეთების გაყიდვა დროებით შეაჩერა ან ფრენების განრიგი შეცვალა.

ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში ავიაკომპანიებმა გაავრცელეს გაფრთხილება შაბათ-კვირის განმავლობაში მოსალოდნელი გაუქმებების შესახებ, რადგან A320neo ტიპის თვითმფრინავებს ექსპლუატაციაში დაბრუნებამდე სავალდებულო განახლებები უნდა ჩაუტარდეს.

სხვებმა კი განაცხადეს, რომ აღნიშნული გაწვევის პროცესი მოითხოვს როგორც პროგრამულ, ისე აპარატურულ კორექტირებას, რაც თვითმფრინავების მზადყოფნის დროს გაზრდის.

ბევრმა ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ მათ დაიწყეს შემარბილებელი ზომების გატარება და იმედოვნებენ, რომ მალე დაუბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის United Airlines-მა და ბრაზილიურმა Azul-მა, განაცხადა, რომ პრობლემა მათ ფლოტს არ შეხებია.

მასშტაბურმა შეფერხებებმა ნათლად აჩვენა კომერციულ ავიაციაში A320-ის ოჯახის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვიწროფიუზელაჟიანი (ერთგასასვლელიანი) თვითმფრინავის მიმართ არსებული გლობალური დამოკიდებულება.

ოპერატორებმა განაცხადეს, რომ განახლებების უმოკლეს ვადაში დასასრულებლად კოორდინაციაში არიან Airbus-სა და მარეგულირებელ ორგანოებთან, თუმცა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ მოკლე დროში მიღებული შეტყობინების გამო, უახლოეს დღეებში მომსახურების შეფერხება კვლავ მოსალოდნელია.

აღმოაჩინეთ
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"