2025 წელს დაახლოებით 47 000 ქალი და გოგონა - საათში დაახლოებით ხუთი ადამიანი - მათთვის ნაცნობმა პირებმა მოკლეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტრუქტურის (UN Women) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის ანგარიშში მოყვანილი შეფასებები ცხადყოფს, რომ ახლო პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ მოკლული ქალებისა და გოგონების რაოდენობა უკვე რამდენიმე წელია 45 000-დან 51 000-მდე მერყეობს.
„ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქალების წინააღმდეგ 78 000 განზრახ მკვლელობა მოხდა; მათგან 60%-ს - 47 ათასს - შეადგენდა ქალთა მკვლელობები, რომლებიც მსხვერპლისთვის ნაცნობმა პირებმა ჩაიდინეს.
122 ქვეყნიდან და რეგიონიდან მიღებული სტატისტიკის ანალიზზე დაფუძნებული 47 000 მკვლელობის მონაცემი ნიშნავს, რომ ყოველდღე 129 ქალსა და გოგონას ახლო პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს.
2025 წელს მსოფლიოში მკვლელობის მსხვერპლთა 19%-ს ქალები შეადგენდნენ, ამ ქალების 60% კი პირად სივრცეში (ოჯახში ან ახლო ურთიერთობების წრეში) მოკლეს; მამაკაცი მსხვერპლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა.
არცერთი რეგიონი არ არის დაზღვეული ამ პრობლემისგან
მსხვერპლისთვის ნაცნობი პირის მიერ ჩადენილი ქალთა მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში დაფიქსირდა (22 100), მას მოჰყვა აზია (15 100), ამერიკის კონტინენტი (7 400), ევროპა (2 100) და ოკეანეთი (300).
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მკვლელობების საერთო მაჩვენებლის შემცირების ფონზე, ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი - განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტსა და ევროპაში - გაცილებით ნელი ტემპით იკლებს.
გაეროს შეფასებით, ეს ვითარება აჩვენებს, რომ „აღნიშნულ დანაშაულებს ღრმა ფესვები აქვს სოციალურ ნორმებსა და გენდერულ სტერეოტიპებში“ და მიუთითებს „იმ განსაკუთრებული ბარიერების არსებობაზე, რომლებიც ქალებსა და გოგონებს მართლმსაჯულებაზე წვდომას უზღუდავს“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პირადი სივრცის მიღმა ჩადენილი ქალთა მკვლელობების შესახებ მონაცემები კვლავ ძალიან მწირია, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის აღნიშნული მოვლენის სრული მასშტაბის შეფასებას როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო













