WSJ-ის ინფორმაციით, რომელიც საკითხთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბოლო თვეებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე „უკრაინის მიერ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეა დღის წესრიგში დააყენა.
წყაროებმა მიუთითეს, რომ ტრამპი საჯარო განცხადებებში უკრაინის ნატოს წევრობას უარყოფდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მშვიდობის საკითხებში, სტივ უიტკოფი ბოლო შეხვედრებზე ამ საკითხს ხშირად აჟღერებდნენ.
დღის წესრიგში 2 სცენარია
წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ბოლოს გასულ კვირას დუბლინში, კუშნერისა და უიტკოფის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
წყაროებმა მიუთითეს, რომ აშშ-მა ბოლოდროინდელ შეხვედრებზე 2 სცენარი დააყენა დღის წესრიგში და აღნიშნეს, რომ მათგან პირველი ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის მიერ დონბასის რეგიონზე კონტროლის რუსებისთვის გადაცემაა.
წყაროებმა განაცხადეს, რომ მეორე სცენარია კონფლიქტის შეჩერება იმგვარად, რომ დონბასი უკრაინის ხელში დარჩეს, და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან გასაფორმებელი შეთანხმების გზით უკრაინისთვის რუსეთის თავდასხმებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.















