ფიდანმა მიუთითა, რომ ვიმყოფებით ისეთ საერთაშორისო სისტემაში, სადაც ძალის მრავალი ფაქტორი, როგორიცაა ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური და სოციალური, მუდმივად განიცდის ევოლუციას და მრავალფეროვნდება.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 200-მდე ეროვნული სახელმწიფოა რეგისტრირებული, და ასეთი შეფასება გააკეთა: „თუ მათგან დაახლოებით 140-ს ნორმალურად ფუნქციონირებად სახელმწიფოდ მივიჩნევთ, ვხედავთ იმასაც, რომ უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ჰეგემონური სისტემა, რომელიც მხოლოდ 55 რეგისტრირებული სახელმწიფოსთვის მოქმედებდა, დღეისთვის უკვე დიდად აღარ გამოდგება“.
ფიდანმა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ თავის არსებულ გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს და მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ნაკისრი გარკვეული როლების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ფიდანმა აღნიშნა, რომ აშშ ტრადიციულად მოკავშირეებთან ერთად მოქმედი მხარის პოზიციაში იყო, რასაც მოკავშირეებისთვის სტაბილურობა მოჰქონდა, და განაცხადა, რომ აშშ ამბობს: „ამ როლიდან გადავდგები“.
ფიდანმა მიუთითა სლოგანზე „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი (MAGA)“ და აღნიშნა, რომ „უპირველეს ყოვლისა, ამერიკა“ პოლიტიკით აშშ თავის ალიანსებთან ურთიერთობებს ხელახლა განიხილავს და აცხადებს, რომ მთელი ტვირთი თავად არ უნდა ატაროს.
ფიდანმა გაიხსენა, რომ ეს საკითხი ნატოშიც დადგა დღის წესრიგში, და აღნიშნა, რომ აშშ უკვე აღარ წარმოაჩენს თავს ისე, თითქოს ტრადიციულად ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს.
ტრამპის, სისა და პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანია
აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით ფიდანმა შემდეგი განაცხადა:
„ახლა ამ 3 ქვეყნის ერთად შეკრება და ძირითადი საკითხების განხილვა მართლაც მნიშვნელოვანია. რატომ არის მნიშვნელოვანი? არსებული კრიზისების გადაჭრაში ეს ძალიან ეფექტური მიდგომა არც რომ იყოს, ისინი არც აცხადებენ და არც აპირებენ ისეთი როლის შესრულებას, რომ ვითარება უარესობისკენ წავიდეს. სულ მცირე, ერთად იკრიბებიან, ამბობენ, არსებულს უფრო მეტად არ გავაუარესებთო, და იმაზე საუბრობენ, როგორ შეიძლება უკეთესად გაკეთდეს. იმისთვის, რომ უკეთესად გაკეთდეს, მართლაც სარგებლის გაერთიანებაა საჭირო. ინტერესების გაერთიანებაა საჭირო.“















