ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის მერმა, ბრეტ სმაილიმ განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ნაშუადღევს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რვა კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაშია“.
შაბათს ნაშუადღევს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრესტიჟული ბრაუნის უნივერსიტეტის კამპუსში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა (მათი მდგომარეობა კრიტიკულია). ვინაიდან თავდამსხმელი ჯერ კიდევ გაქცეულია, ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ქალაქ პროვიდენსის (როდ-აილენდი) მერმა, ბრეტ სმაილიმ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა: „შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ნაშუადღევს ორი ადამიანი დაიღუპა, გარდა ამისა, რვა პირი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია“.
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა „ბარუს და ჰოლის“ (Barus and Holley) შენობაში, სადაც ბრაუნის უნივერსიტეტის - აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი დონის, „აივი ლიგის“ (Ivy League) წევრი უნივერსიტეტის - საინჟინრო და ფიზიკის ფაკულტეტებია განთავსებული.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს შენობაში ერთდროულად არაერთი გამოცდის ჩატარება იყო დაგეგმილი.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი აღწერეს, როგორც მამაკაცი, რომელსაც მთლიანად შავი ტანსაცმელი ეცვა.
პოლიციის უფროსის მოადგილემ, ტიმოთი ო'ჰარამ განაცხადა: „ამ ეჭვმიტანილის საპოვნელად ყველა რესურსს ვიყენებთ. სახლში დარჩენის ბრძანება კვლავ ძალაშია და მოქალაქეებს ვურჩევ, ეს ძალიან სერიოზულად მიიღონ. გთხოვთ, არ მოხვიდეთ შემთხვევის ადგილზე“.
„ჩაკეტეთ კარები, გააჩუმეთ ტელეფონები“
ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბოლოს შენობის დატოვებისას შენიშნეს; იარაღი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
ბრაუნის უნივერსიტეტმა გაგზავნა საგანგებო გაფრთხილება შეტყობინებით: „ბარუს და ჰოლის საინჟინრო კორპუსთან ახლოს აქტიური მსროლელია“.
გაფრთხილებაში ასევე ნათქვამი იყო: „ჩაკეტეთ კარები, გააჩუმეთ ტელეფონები და დაიმალეთ შემდგომ შეტყობინებამდე“.
შემთხვევის ადგილზე სწრაფად გაიგზავნნენ სამართალდამცველები და პირველადი რეაგირების ჯგუფები; ადგილობრივი საინფორმაციო არხის, WPRI-ს ცნობით, ტროტუარზე ტანსაცმელი და სისხლია აღმოჩენილი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კაშ პატელმა პლატფორმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფედერალური პოლიცია „ყველა საჭირო საშუალებით უწევს დახმარებას ადგილობრივ პოლიციას“.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნნენ ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების ბიუროს (ATF) აგენტებიც.
სტუდენტურ გაზეთ Brown Daily Herald-თან საუბრისას ქეთი სუნმა განაცხადა, რომ ახლომდებარე შენობაში მეცადინეობისას სროლის ხმა გაიგო, რის შემდეგაც ყველა ნივთი დატოვა და საერთო საცხოვრებლისკენ გაიქცა.
სუნმა აღნიშნა: „გულწრფელად რომ ვთქვა, ეს საკმაოდ საშიში იყო. სროლის ხმა თითქოს იმ მხრიდან მოდიოდა, სადაც აუდიტორიებია“.
მომხდარის შესახებ ეცნობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. „რა საშინელებაა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, მსხვერპლთა სულებისთვის ლოცვაა“, - განაცხადა ტრამპმა.
ბრაუნის უნივერსიტეტში, რომელიც ბოსტონთან ახლოს, ქალაქ პროვიდენსში მდებარეობს, დაახლოებით 11 000 სტუდენტი სწავლობს.
ეს თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებზე განხორციელებული თავდასხმების ხანგრძლივი სერიის ბოლო შემთხვევაა. ცეცხლსასროლ იარაღზე მარტივი წვდომის შეზღუდვის მცდელობები კი პოლიტიკურ ჩიხშია შესული.