ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „სრულად მის კონტროლქვეშაა“

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალმა, მუჰამედ აქბარზადემ განაცხადა: „ომის დაწყების შემთხვევაში, უკან დახევა ერთი მილიმეტრითაც არ მოხდება და ირანი წინსვლას განაგრძობს“.

By
ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „სრულად მის კონტროლქვეშაა“ / Reuters

იმ ფონზე, როდესაც თეირანზე აშშ-ის შესაძლო თავდასხმის შესახებ შეშფოთება იზრდება, ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის სახმელეთო, წყალქვეშა და საჰაერო სივრცე „სრულად მის კონტროლქვეშაა“.

სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალმა მუჰამედ აქბარზადემ აღნიშნა: „ირანს ომი არ სურს, თუმცა ომისთვის სრულად მზად არის. თუ ომი დაიწყება, უკან დახევა ერთი მილიმეტრითაც არ მოხდება და ირანი წინსვლას განაგრძობს“.

აქბარზადემ განმარტა, რომ ამ სტრატეგიული გასასვლელის მართვა „გასცდა ტრადიციულ მეთოდებს და ახლა სრულად ინტელექტუალური გახდა“, რაც ირანს საშუალებას აძლევს, მუდმივად ადევნოს თვალი ყველა საზღვაო, ზედაპირულ და წყალქვეშა მოძრაობას.

„ირანი ასევე აკონტროლებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, მიეცემათ თუ არა სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებს სრუტეში გავლის უფლება“, - თქვა აქბარზადემ. მან დასძინა, რომ ირანს არ სურს გლობალური ეკონომიკის დაზიანება, თუმცა აშშ-სა და მის მოკავშირეებს არ მისცემს უფლებას, სარგებელი მიიღონ მათ მიერვე „დაწყებული ომიდან“.

აქბარზადემ გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები, რომ თუ მათი სახმელეთო, საჰაერო სივრცე ან წყლები ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ეს ქვეყნები „მტრებად“ ჩაითვლებიან.

„ეს გზავნილი რეგიონულ მხარეებს უკვე გადაეცათ“, - აღნიშნა ირანელმა სარდალმა და ხაზი გაუსვა, რომ თეირანს გააჩნია დამატებითი შესაძლებლობები, რომლებსაც შესაბამის დროს გაასაჯაროებს.

ჰორმუზი, რომელიც ვიწრო საწყლოსნო გზაა სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის, გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. მსოფლიოში ნედლი ნავთობის საზღვაო გადაზიდვების მესამედი და ნავთობის მთლიანი მოხმარების მეხუთედი სწორედ ამ სრუტეზე მოდის.

ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდული 20 მილიონი ბარელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი აზიის ბაზრებზე, ძირითადად ჩინეთში მიდის. ირანული ნავთობის დიდი ნაწილიც სწორედ ამ გზით გადის ექსპორტზე ჩინეთში.

ერაყის ნავთობის დაახლოებით 85% ჰორმუზის სრუტით გადაიზიდება. საუდის არაბეთიდან წამოსული ნავთობი სრუტეში გამავალი მთლიანი ნავთობის 35%-ს შეადგენს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობი - 20%-ს, ხოლო ერაყის ნავთობის გადაზიდვები - 27%-ს.

ამასთანავე, მსოფლიო LNG ვაჭრობის დაახლოებით 20% სწორედ ამ საწყლოსნო გზას იყენებს.

ირანში გამართული ანტისამთავრობო პროტესტების შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამწვავდა. აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანთან საბრძოლველად ყველა ვარიანტი, მათ შორის სამხედრო ინტერვენციაც, განხილვის საგანია. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას „სწრაფი და ყოვლისმომცველი“ პასუხი გაეცემა.