თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი სტამბოლში ჰამასის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრაზე ღაზის შეთანხმების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილეს.

By
თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი სტამბოლში ჰამასის დელეგაციას შეხვდა / AA

უსაფრთხოების სამსახურის წყაროების თანახმად, თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ ქალინი, სტამბოლში პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასის დელეგაციას შეხვდა.

შაბათს ქალინმა მოლაპარაკებები გამართა ჰამასის პოლიტბიუროს წევრთან და მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელთან, ხალილ ალ-ჰაიასთან და დელეგაციის სხვა წევრებთან.

შეხვედრებზე განიხილეს ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა. მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ორმხრივად გახსნაზე, ღაზის ეროვნული მართვის კომიტეტის მიერ მუშაობის დაწყებასა და სხვა შესაბამის საკითხებზე კოორდინირებულ მუშაობაზე.

შეხვედრისას „ჰამასის“ დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ღაზაში მშვიდობის დამყარების მცდელობებში თურქეთის მედიატორისა და გარანტის როლისთვის, ასევე გეგმის მეორე ეტაპზე ანკარის მზარდი წვლილისთვის.

2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 71 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, ხოლო 171 ათასზე მეტი კი დაშავდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, თავდასხმები გრძელდება, რის შედეგადაც ამ პერიოდში 481 პალესტინელი დაიღუპა და 1 313 დაშავდა.