სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ისრაელის საჩივარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიება უკანონო იყო.
ორშაბათს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს წინასწარი წარმოების პალატის ადრინდელი გადაწყვეტილება და დაადგინეს, რომ არ არსებობს „ახალი გარემოება“, რაც პროკურორს პროცესის თავიდან დაწყებას ან ისრაელისთვის ახალი შეტყობინების გაგზავნას დაავალდებულებდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე გამოძიება ეხება „შეიარაღებული კონფლიქტის იმავე ტიპს, იმავე ტერიტორიებსა და ამ კონფლიქტების იმავე სავარაუდო მხარეებს“, რაც უკვე შესწავლის საგანი იყო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე პალესტინის საქმის ფარგლებში.
ისრაელი ამტკიცებდა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ კონფლიქტის მასშტაბი რადიკალურად შეიცვალა, რამაც რომის სტატუტის მე-18 მუხლის თანახმად, ახალი სამართლებრივი ვალდებულებები წარმოშვა.
მოსამართლეებმა უარყვეს ეს არგუმენტი და დაასკვნეს, რომ „გამოძიების პარამეტრებში არ მომხდარა ისეთი არსებითი ცვლილება, რაც ახალ შეტყობინებას მოითხოვდა“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2021 წელს დაწყებული თავდაპირველი გამოძიება უკვე მოიცავდა „2014 წლის 13 ივნისიდან მოყოლებული, დასრულების თარიღის გარეშე“ ჩადენილ ომის დანაშაულებს.
ეს გადაწყვეტილება აძლიერებს იმ დაკავების ორდერების სამართლებრივ საფუძველს, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში გაიცცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის წინააღმდეგ, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ბრალდებით.
ისრაელი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.
თუმცა მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მათი გადაწყვეტილება „არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოების შესაძლებლობას, გააპროტესტონ საქმეების დასაშვებობა“, ეს განაჩენი ხსნის მნიშვნელოვან პროცედურულ დაბრკოლებას ღაზის გამოძიების გაგრძელებისთვის.
2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ისრაელმა დაახლოებით 70 700 ადამიანი მოკლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო 171 100-ზე მეტი დააშავა; ეს თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად გაგრძელდა.
მართალია, 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტა შევიდა ძალაში, მაგრამ ღაზაში ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა, რადგან ისრაელი აგრძელებს მკაცრ შეზღუდვებს დახმარების სატვირთო მანქანების შესვლაზე და არღვევს შეთანხმების ჰუმანიტარულ პროტოკოლს.







