ზოჰრან მამდანიმ უფლებამოსილების შესრულებას ყურანზე ფიცის დადებით შეუდგა

ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა

By
ზოჰრან მამდანიმ უფლებამოსილების შესრულებას ყურანზე ფიცის დადებით შეუდგა / Reuters

1 იანვრის ღამეს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ზოჰრან მამდანიმ ყურანზე დადო ფიცი და ნიუ-იორკის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამრიგად, იგი გახდა პირველი მუსლიმი და პირველი სამხრეთაზიური წარმოშობის ლიდერი, რომელმაც აშშ-ის უდიდეს ქალაქში ყურანზე დაიფიცა.

ცერემონია გაიმართა „ოლდ სითი ჰოლის“ (Old City Hall) მეტროსადგურში, რომელიც 1904 წელს აშენდა და 1945 წლიდან ექსპლუატაციიდანაა გამოსული.

ფიცის დადების ცერემონიას, მამდანის ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს ნაშუადღევს გაიმართება საჯარო ცერემონია, რომელსაც სენატორი ბერნი სანდერსი გაუძღვება.

რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, ცერემონიისას გამოყენებული იქნა ყურანის ორი ეგზემპლარი: ერთი მამდანის პაპას ეკუთვნოდა, ხოლო მეორე - შავკანიან მწერალსა და ისტორიკოს არტურო შომბურგს, რომელიც ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ ათხოვა.

34 წლის მამდანი ასევე პირველი აფრიკაში დაბადებული პირია ნიუ-იორკის მერის პოსტზე. იგი უგანდაში, ინდური წარმოშობის ემიგრანტი მშობლების ოჯახში დაიბადა.

4 ნოემბრის არჩევნებში მან დაამარცხა ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო და რესპუბლიკელი კანდიდატი კერტის სლივა. მამდანის ეს წარმატება დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის ისტორიულ გამარჯვებად შეფასდა.

როგორც დემოკრატი სოციალისტი, მამდანი წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა ცხოვრების ხელმისაწვდომი ღირებულებისა და სოციალური სერვისების გაფართოების იდეით. მისი დაპირებები მოიცავს უფასო ავტობუსებს, ბავშვთა საყოველთაო მოვლას, მუნიციპალურ მარკეტებს, ქირის სტაბილიზაციის გაფართოებას და 2030 წლისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების 30 დოლარამდე გაზრდას.

მართალია, მამდანიმდე მერების უმეტესობა ფიცს ბიბლიაზე დებდა, თუმცა ფედერალური, შტატის თუ ქალაქის კონსტიტუციების დაცვის ფიცისთვის რომელიმე რელიგიური ტექსტის გამოყენება სავალდებულო არ არის.

მთელი კამპანიის განმავლობაში მამდანი აქცენტს აკეთებდა ხელმისაწვდომი ცხოვრების საკითხებზე და ღიად საუბრობდა თავის მუსლიმურ იდენტობაზე. მხარდამჭერთა ბაზის შესაქმნელად იგი ხშირად სტუმრობდა მეჩეთებს ხუთივე რაიონში და მობილიზება გაუკეთა სამხრეთაზიელ და მუსლიმ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევნებში პირველად მონაწილეობდა.

მოკრძალებული დიზაინი

ბოლომდე ნათელი არ არის, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში არტურო შომბურგს - შავკანიან პუერტო-რიკოელ ისტორიკოსს, რომელსაც აფრიკული წარმოშობის ადამიანების გლობალური წვლილის ამსახველი კოლექცია ჰქონდა - ეს ყურანი. თუმცა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს ასახავს მის ინტერესს ისლამსა და შავკანიანთა კულტურას შორის არსებული ისტორიული კავშირებისადმი.

მამდანის მიერ გამოყენებული ეგზემპლარი, სამეფო ან ელიტურ წრეებთან ასოცირებული მორთული ხელნაწერებისგან განსხვავებით, სადა დიზაინით გამოირჩევა. მას აქვს მუქი წითელი ყდა, მარტივი ყვავილოვანი მედალიონი, ხოლო ტექსტი შავი და წითელი მელნითაა შესრულებული.

შრიფტი მარტივი და ადვილად წასაკითხია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ყოველდღიური მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არა საზეიმო მიზნებისთვის.

ვინაიდან ხელნაწერი უთარიღო და უსახელოა, მკვლევრებმა მისი შექმნის პერიოდი ყდისა და დამწერლობის თავისებურებებით დაადგინეს. ამ მონაცემებით, იგი ოსმალეთის პერიოდში, მე-18 საუკუნის ბოლოს ან მე-19 საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს მომზადებული რეგიონში, რომელიც დღევანდელ სირიას, ლიბანს, პალესტინასა და იორდანიას მოიცავს.

მუსლიმი დემოკრატი სოციალისტის სწრაფმა აღზევებამ, წინასაარჩევნო პერიოდში, ისლამოფობიური რიტორიკის ზრდა გამოიწვია.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქმულ ემოციურ სიტყვაში მამდანიმ განაცხადა, რომ ამგვარმა მტრულმა დამოკიდებულებამ მხოლოდ გააძლიერა მისი გადაწყვეტილება, ყოფილიყო ამაყი თავისი რწმენით.

„არ შევიცვლი იმას, თუ ვინ ვარ, რით ვსაზრდოობ ან ჩემს რწმენას, რომელსაც სიამაყით ვატარებ,“ - თქვა მამდანიმ. „თავს აღარ დავმალავ ჩრდილში. თავს სინათლეში ვიპოვი“.

კონსერვატიული რეაქცია

ყურანის გამოყენების გადაწყვეტილებას ზოგიერთ კონსერვატიულ წრეში კრიტიკა მოჰყვა. ალაბამას სენატორმა ტომი ტუბერვილმა მამდანის ინაუგურაციის შესახებ სიახლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „მტერმა გადმოლახა გალავანი და შიგნით შემოაღწია“.

სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფმა, ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ (CAIR), წარსული განცხადებების საფუძველზე ტუბერვილი ანტიმუსლიმური ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირად დაახასიათა.

მსგავსი რეაქციები ახალი არ არის. 2006 წელს კით ელისონმა, კონგრესში არჩეულმა პირველმა მუსლიმმა, ასევე გამოიწვია კონსერვატორთა უკმაყოფილება იმის გამო, რომ საზეიმო ფიცისას ყურანის გამოყენება ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცის დადებისას ბიბლიის გამოყენება გავრცელებული ტრადიციაა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს წესია, არ არსებობს კანონი, რომელიც რომელიმე კონკრეტული რელიგიური ტექსტის გამოყენებას სავალდებულოს ხდის.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს თანამდებობის დაკავებისას ბიბლიაზე არ დაუფიცია. ასევე, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც საკუთარი ფიცის დადების ცერემონიაზე ხელი ბიბლიაზე არ დაუდია.

მამდანის მიერ გამოყენებული ყურანი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯაროდ გამოიფინება.