სირიამ ახალი ვალუტა გამოუშვა და ბანკნოტებიდან ასადების ოჯახის პორტრეტები ამოიღო
სირიის ახალი ბანკნოტები მიზნად ისახავს ყოველდღიური ტრანზაქციების გამარტივებას ეკონომიკურ საფუძვლებზე ზემოქმედების გარეშე და მხარს უჭერს უფრო ფართო მასშტაბის რეფორმებს.
ეროვნული იდენტობის გაძლიერებისა და ეკონომიკისადმი ნდობის აღდგენის მიზნით, სირიამ ორშაბათს წარადგინა ახალი ბანკნოტები, რომლებიდანაც ამოღებულია როგორც ნულები, ისე ასადების ოჯახის წევრთა პორტრეტები.
სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტოს (SANA) ცნობით, წარდგენის ცერემონია დამასკოში, კონფერენციების სასახლეში, პრეზიდენტ აჰმედ შარასა და მისი მეუღლის, ლატიფა ელ-დურუბის მონაწილეობით გაიმართა.
შარამ და ცენტრალური ბანკის მმართველმა, აბდულკადირ ჰუსრიმ, ახალი ბანკნოტების პრეზენტაციით გამოაცხადეს ყოვლისმომცველი ფულადი ტრანზიციის დასაწყისი, რაც მიზნად ისახავს სირიის ფინანსური სისტემისადმი ნდობის განმტკიცებას.
მენეჯმენტის კონსულტანტმა, აბდულა ელ-შამამ აღნიშნა, რომ სირიელი ექსპერტების ჯგუფი ცენტრალური ბანკის პერსონალთან ერთად მუშაობდა არსებული პირობების შესასწავლად და საერთაშორისო გამოცდილების გასაანალიზებლად. მისი თქმით, სტრატეგია შემუშავდა სამეცნიერო საფუძვლებზე, რათა „აღდგეს ცენტრალური ბანკის პოზიცია მის გლობალურ ანალოგებს შორის“.
შამამ განმარტა, რომ რეფორმა ხუთ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული: მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა; დაბალანსებული და გამჭვირვალე სავალუტო ბაზარი; ჯანსაღი საბანკო სექტორი; უსაფრთხო ციფრული გადახდები; და საერთაშორისო ფინანსური ინტეგრაცია მდგრადი ფინანსური ჩართულობით.
პრეზიდენტმა შარამ ახალი ვალუტის გამოშვებას უწოდა „წინა ეტაპის დასასრულის ნიშანი, რომელიც არავის ენატრება, და ახალი ეტაპის დასაწყისი, რომლისკენაც სირიელები მიისწრაფოდნენ“.
ტექნიკურ მხარეზე საუბრისას, სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძველი ვალუტიდან ორი ნულის ჩამოჭრა თავისთავად არ აუმჯობესებს ეკონომიკას, თუმცა ამარტივებს ტრანზაქციებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალური გაუმჯობესება დამოკიდებულია წარმოების ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებასა და საბანკო სექტორის გაძლიერებაზე. პრეზიდენტმა ბანკებს „ეკონომიკის არტერიები“ უწოდა.
„ახალი ეროვნული იდენტობა“
ამ მგრძნობიარე გარდამავალ პერიოდში შარამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა მოქალაქეები, არ აჰყვნენ პანიკას და არ იჩქარონ ბანკნოტების გადაცვლა, რადგან გადაჭარბებულმა მოთხოვნამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სირიული ლირის გაცვლით კურსს.
შარამ ასევე მოუწოდა ახალი კულტურის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც „კრიმინალად გამოაცხადებს სპეკულაციურ პრაქტიკებს“, ამასთანავე უზრუნველყოფს ლიკვიდობის თანდათანობით ინექციას ინფლაციის თავიდან ასაცილებლად.
ახალი ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ისინი ასახავს „ახალ ეროვნულ იდენტობას“, იყენებს სირიულ რეალობასთან დაკავშირებულ სიმბოლურ ელემენტებს და შორდება ინდივიდების განდიდებას. „ადამიანები მოდიან და მიდიან“, - განაცხადა მან.
სირიის პრეზიდენტმა დაამატა, რომ დიზაინი „აცოცხლებს სირიის ისტორიულ მეხსიერებას და ტრადიციულ პროდუქტებს“. მან გამოთქვა რწმენა, რომ რეფორმების შედეგები ეტაპობრივად გამოჩნდება და ხაზი გაუსვა სირიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და ქვეყნის მიმართ მზარდ რეგიონულ თუ საერთაშორისო ინტერესს.
ასადების დამხობა
სახელმწიფო ტელევიზიამ, Alikhbariyah TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოში, ცენტრალური ბანკის შენობაზე ლაზერული შოუ მოეწყო, სადაც ახალი ბანკნოტები იყო ნაჩვენები.
სირიის მოსახლეობა კვლავ განაგრძობს ძველი ბანკნოტების გამოყენებას, რომლებსაც ბევრი ძველი რეჟიმის სირთულეებთან აიგივებს.
2000-სირიული ფუნტის ბანკნოტზე გამოსახული იყო დამხობილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ხოლო 1000- სირიულ ფუნტზე - მამამისი, ჰაფეზ ალ-ასადი. იმის გამო, რომ 1 დოლარი დაახლოებით 11 000 სირიულ ფუნტის შეადგენს, მოქალაქეები ჩივიან დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო, რაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის ტარებას აიძულებთ.
სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ, 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დაიწყო.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც თითქმის 25 წლის განმავლობაში მართავდა სირიას, დამხობისთანავე რუსეთში გაიქცა, რითაც დასრულდა პარტია „ბაასის“ მმართველობა, რომელიც 1963 წლიდან იყო ხელისუფლებაში. იანვარში აჰმედ შარას ხელმძღვანელობით ახალი გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდა.