ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა შესაძლოა თავი აარიდოს ტრამპის გაღიზიანებას აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, და აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებმა შესაძლოა დიპლომატიური შესაძლებლობა შექმნას.
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს / Reuters Archive

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების განახლების პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ განიხილავს შესაძლო ნაბიჯებს ზამთრის თვეებში ომის ინტენსივობის შესამცირებლად და, ამავდროულად, უფრო ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მოლაპარაკებების განსაახლებლად.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკიმ ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ცდილობდეს არ გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების წინ, და აღნიშნა, რომ მომავალი კვირები დიპლომატიისთვის შანსს იძლევა.

„ჩემი შთაბეჭდილებით, პუტინს ტრამპი სჭირდება. მას მისი... გაღიზიანება არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. კითხვაზე, შეეცდება თუ არა პუტინი არჩევნებამდე ტრამპს დიპლომატიური წარმატება მოუპოვოს, მან უპასუხა: „დიახ“.

კვირას კიევში ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა, მას შემდეგ რაც მათ მოსკოვში პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართეს.

ზელენსკის თქმით, მათ გადასცეს გზავნილი, რომ „რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან“, თუმცა პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებები ფრონტზე და გაძლიერებული თავდასხმები დათმობის სურვილზე არ მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მისი შთაბეჭდილებით, პუტინი „მზადაა განიხილოს“ იდეები მოლაპარაკებების წინ წასაწევად.

ახალი წინადადებები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია მოსკოვსა და კიევში პირველ რიგში დიპლომატიური პროცესისთვის „გზის გასახსნელად“ ჩავიდა და თან ჩაიტანა ახალი წინადადებები, მათ შორის ზამთრამდე და ზამთრის განმავლობაში დაძაბულობის შემცირების ზომები.

„არის სხვადასხვა იდეები ენერგეტიკის (ობიექტების), მარცვლეულის (გადაზიდვების), ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის (ექსპორტის) საკითხებზე. რუსეთსა და ჩვენ განსხვავებული ინტერესები გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, აშშ-ის მიდგომა მოიცავს როგორც მოლაპარაკებების განახლებას, ისე ისეთი შეთანხმებების მოძიებას, რომლებიც თავიდან აიცილებს მასშტაბურ ესკალაციას ზამთრის პერიოდში.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მიზანია იმ ნაბიჯების განსაზღვრა, რომლებიც მხარეებს მშვიდობასთან დააახლოებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინისთვის ზამთრის დახმარების ცალკეულ პაკეტს, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკულ მხარდაჭერას: „საქმე მხოლოდ რაკეტებს არ ეხება. საუბარია ასევე LNG-ზე (გათხევადებული ბუნებრივი აირი) და დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე“.

ზელენსკის სურს, რომ კიევმა სექტემბერი და ოქტომბერი დიპლომატიის გასაცოცხლებლად გამოიყენოს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილი შეხვედრები აშშ-სა და უკრაინას შორის უფრო ფართო დისკუსიების შესაძლებლობას შექმნის.

მან ასევე არ გამორიცხა აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა: „წინ გვაქვს სექტემბერი და ოქტომბერი, რათა ვიპოვოთ საუბრის გზა. დიალოგის გარეშე... შედეგს ვერ მივაღწევთ“.

რუსული თავდასხმები გრძელდება

მეორე მხრივ, სამდღიანი შესვენების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები განაახლა. სააგენტო AFP-ის ჟურნალისტებმა სამშაბათს დილით კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს.

აფეთქებებმა, რომლებიც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მიერ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ მოხდა, ქალაქის ცენტრში მანქანების სიგნალიზაცია აამოქმედა.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ბორისპილისა და ფასტივის რაიონებს.

თავდასხმებმა ბორისპილის რაიონში სამრეწველო ობიექტებზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც შვიდი სატვირთო მანქანა განადგურდა. მაშველებმა ასევე ჩააქრეს ხანძარი ლოჯისტიკურ ცენტრში, რომელიც ორჯერ გახდა სამიზნე.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, დაადასტურა, რომ დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა და სოლომენსკის რაიონში სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოიძახა. ამ დროისთვის მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღმოაჩინეთ
ირანი: „აშშ-ის მიერ ომის დასრულების წინადადებებზე პასუხი შუამავლების მეშვეობით გადაეცემა“
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 11 ადამიანი დაიღუპა
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში უსაფრთხოება განიხილეს
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
მსოფლიო უკვე სამი წელია ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს
ვენსმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ირანმა გამდიდრების საქმიანობა უნდა შეამციროს
ჰუსიტებმა არაბეთის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები განახორციელეს
ჯანმო-მ რუსეთს შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტზე გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
CIA-მ ისრაელში შიდა დაპირისპირების რისკის გაღრმავების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 20,9 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
ისრაელის გენოციდური თავდაცვის მინისტრი კაცი არმიას ღაზაში მზადყოფნის გაძლიერების ბრძანებას აძლევს
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“