იაპონიაში დიდთოვლობამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა

იანვრის ბოლოდან მოყოლებული, მძლავრმა ცივმა ჰაერის მასებმა იაპონიის ზღვის სანაპიროებზე ძლიერი თოვა გამოიწვია, ზოგიერთ რეგიონში კი ნორმაზე ორჯერ მეტი თოვლი მოვიდა.

By
იაპონიაში დიდთოვლობამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა / AFP

ხანძარსაწინააღმდეგო და სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოს ახალი მონაცემებით, დაახლოებით სამკვირიანმა დიდთოვლობამ იაპონიაში 46 ადამიანის სიკვდილი და 558-ის დაშავება გამოიწვია.

იანვრის ბოლოდან დაწყებულმა თოვლმა ჩრდილოეთის დასახლებები თოვლის ქვეშ მოაქცია და განსაკუთრებით იაპონიის ზღვისპირა ზოლში საგზაო მოძრაობის სერიოზული შეფერხებები გამოიწვია.

პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სამშაბათის განცხადებით, მრავალი ფატალური შემთხვევა სახურავებიდან ჩამოწოლილი თოვლის მასების ან თოვლის წმენდისას ადამიანების გადმოვარდნის შედეგად მოხდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე რეგიონულ ცენტრ აომორიში მოსახლეობას 1,3 მეტრი სიმაღლის თოვლის საფართან გამკლავება მოუხდა.

El Niño (ელ-ნინიო) ზაფხულის თვეებში

ამავდროულად, იაპონიის მეტეოროლოგიურმა ბიურომ სამშაბათს განაცხადა, რომ ზაფხულის თვეებში ელ-ნინიოს მოვლენის განვითარების ალბათობა 60%-ია.

ბიუროს ინფორმაციით, გაზაფხულზე ელ-ნინიოს მოვლენის ალბათობა 50%-ია, ხოლო ნორმალური პირობების შენარჩუნების ალბათობაც - 50%.

ელ-ნინიო ცნობილია, როგორც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატება. ლა-ნინიას მოვლენა კი ეკვატორულ წყნარ ოკეანეში ოკეანის წყლის ტემპერატურის ნორმაზე მეტად კლებასთან, წყალდიდობებთან და გვალვებთან ასოცირდება.