ფრანგი სარდლის, ნაპოლეონ ბონაპარტის 228 წლის წინ ხმელთაშუა ზღვაში, ნილოსის ბრძოლაში ჩაძირული ფლოტის არტეფაქტები ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებლებს ხვდება.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს მიერ დედაქალაქ კაიროში, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში, თემით „ნაპოლეონის ფლოტი: ზღვის ნაამბობი ისტორიები“ გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ხმელთაშუა ზღვის სიღრმეებიდან ამოღებული ისტორიული ნაშთები.
წყალქვეშა სიძველეების გენერალური დირექციის დაარსების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დღეს გახსნილი გამოფენის ფარგლებში ადგილი ეთმობა 1798 წლის ნილოსის ბრძოლის დროს ეგვიპტის ჩრდილოეთით, ალექსანდრიის სანაპიროსთან ჩაძირული ფრანგული გემების ნაშთებს.
გამოფენილ არტეფაქტებს შორისაა იარაღი, მონეტები, თეფშებისა და ჩანგლების მსგავსი ნივთები, ასევე ჩაძირული გემების ნაწილები.
გამოფენა ნათელს ჰფენს ნილოსის ბრძოლას, რომელიც 1798-1801 წლებში ფრანგების მიერ განხორციელებული ეგვიპტის ლაშქრობის დროს გაიმართა და რომელშიც ინგლისელი ადმირალ ჰორაციო ნელსონის მეთაურობით მოქმედმა ფლოტმა ფრანგული ფლოტი დაამარცხა და მისი გემების ნაწილი ჩაძირა.













