აშშ-ისრაელის თავდასხმამ ირანის უდიდესი ნავთობქიმიური კომპლექსი დააზიანა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამიზნე ობიექტები ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ს შეადგენდა და ისინი „აღარ ფუნქციონირებს“.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის სამიზნე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ენერგეტიკული ცენტრის, ასალუიეს „სამხრეთ ფარსის“ (South Pars) ნავთობქიმიური კომპლექსი გახდა.
სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, ორშაბათს, ობიექტზე აფეთქებები მოხდა. ნახევრად ოფიციალურმა სააგენტო „მეჰრმა“ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ასალუიეს ნავთობქიმიური ობიექტები, მათ შორის „ჯამის“ (Jam) და „დემავანდის“ (Demavand) ქარხნები.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაციმ დაადასტურა, რომ არმიამ დაარტყა ადგილს, რომელსაც თავად ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტად ახასიათებს. გაზეთ „Yedioth Ahronoth“-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში კაციმ აღნიშნა: „ისრაელმა ახლახან დაარტყა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს, რომელიც ასალუიეში მდებარეობს“.
კაცი ამტკიცებს, რომ სამიზნე ობიექტები ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ს შეადგენდა და ისინი „აღარ ფუნქციონირებს“.
ირანელი ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადებით, შაბათს ისრაელმა მსგავსი თავდასხმა განახორციელა სამხრეთ-დასავლეთით, ხუზესტანის პროვინციაში მდებარე „მაჰშაჰრის“ ნავთობქიმიურ სპეციალურ ზონაზე, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ასევე განახორციელა თავდასხმები გასულ თვეში ასალუიეს „სამხრეთ ფარსის“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე გაზის ობიექტებზე.
მსოფლიოში ცნობილი ბუნებრივი აირის უდიდესი საბადო „სამხრეთ ფარსი/ჩრდილოეთ გუმბათი“ ირანისა და ყატარის მიერ ერთობლივად გამოიყენება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ამერიკა არ იყო ინფორმირებული „სამხრეთ ფარსის“ საბადოზე თავდასხმის შესახებ და აღნიშნა, რომ თელ-ავივი მსგავს დარტყმას აღარ განახორციელებდა.
ბოლო დღეებში ისრაელმა, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამრეწველო სექტორები ამოიღო მიზანში. პარასკევს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმებმა ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის დაახლოებით 70% გაანადგურა და თეირანის იარაღის წარმოების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ფოლადი სტრატეგიული მნიშვნელობის მასალაა სამრეწველო და სამხედრო წარმოებაში, მათ შორის რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და გემების დასამზადებლად.
კაციმ აღნიშნა, რომ მან და ნეთანიაჰუმ არმიას უბრძანეს, „სრული სიმძლავრით განაგრძონ ირანის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები“.