ბაჰრეინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ყურის ამ ქვეყანაზე ირანის ბოლო თავდასხმის დროს სამიზნე სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი გახდა, რამაც ხანძარი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ოფიციალურმა თეირანმა კი უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ თავდასხმისას ბაჰრეინში სამიზნე მხოლოდ აშშ-ის კუთვნილი Patriot-ის ორი სარადარო სისტემა იყო.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ირანის ვერაგული თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი გახდა, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ხანძრის კონტროლქვეშ მოსაქცევად მუშაობენ“.
სამინისტრომ განაცხადა: „პირველადი მონაცემებით, დაფიქსირდა მატერიალური ზარალი, თუმცა არავინ დაშავებულა“. ობიექტის მდებარეობა კი არ დასახელებულა.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების უკანონო ქმედებების საპასუხოდ, კუნძულ ბაჰრეინზე მდებარე შეიხ ისასა და ჯუფეირის სახელწოდების აშშ-ის ორ ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს“.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადებაში აღნიშნა: „მიმდინარე თავდასხმებისა და ირანის საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ, რამდენიმე წუთის წინ ბაჰრეინში, ელ-რიფასა და ავალის ბაზებზე განთავსებულ აშშ-ის არმიის კუთვნილ Patriot-ის ორ სარადარო სისტემაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა“.
აღინიშნა, რომ თავდასხმა განხორციელდა ერთობლივი ოპერაციით, რომლის დროსაც რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ერთდროულად გამოიყენეს.
შაბათს, დილით ადრე, ირანმა ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმის თავზე აშშ-ის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.















