ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ევროპა და ირანი შეჩერებული ბირთვული მოლაპარაკებების გასაცოცხლებლად სტამბოლში ხვდებიან
ევროპა და ირანი შეჩერებული ბირთვული მოლაპარაკებების გასაცოცხლებლად სტამბოლში ხვდებიან
ევროპა და ირანი შეჩერებული ბირთვული მოლაპარაკებების გასაცოცხლებლად სტამბოლში ხვდებიან
/ Reuters

მოლაპარაკებების მთავარი თემა 2015 წელს გაუქმებული სანქციების შესაძლო ხელახალი დაწესება და თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხებია.

ირანელი და ევროპელი დიპლომატები დღეს სტამბოლში იკრიბებიან, რათა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი ინიციატივა წამოიწყონ.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიისგან (E3) შემდგარი ჯგუფის წარმომადგენლები ირანის საკონსულოს შენობაში პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც ივნისში ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომი მოხდა, რომლის დროსაც ამერიკულმა ბომბდამშენებმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც მოლაპარაკებების სენსიტიურობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ სანქციების ავტომატური აღდგენის, ე.წ. „snapback“ მექანიზმი „განხილვის საგანია“.

„ირანს შევთავაზეთ „snapback“ მექანიზმის გადადება იმ პირობით, თუ ის სანდო დიპლომატიურ ჩართულობას გამოავლენს, სრულად განაახლებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) და მოაგვარებს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებთან დაკავშირებულ შეშფოთებას“, - განაცხადა იმავე დიპლომატმა.

ევროპელი ლიდერები აფრთხილებენ, რომ თუ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის კუთხით პროგრესი არ იქნება, სანქციები აგვისტოს ბოლომდე აღდგება.

ამასობაში, თეირანის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აშშ-მა, რომელმაც 2015 წლის შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს დატოვა, მოლაპარაკებებში თავისი როლის მიმართ ნდობა უნდა აღადგინოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზიმ ღარიბაბადიმ, განაცხადა, რომ ირანის მონაწილეობა „რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, მათ შორის ირანის ნდობის აღდგენას“ ემყარება, რადგან „ირანი აშშ-ს აბსოლუტურად არ ენდობა“.

ხუთშაბათს, ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ მოლაპარაკებები „არ უნდა იქნას გამოყენებული ფარული დღის წესრიგის, მაგალითად, სამხედრო ოპერაციების პლატფორმად“.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა მოითხოვა ურანის გამდიდრების უფლების პატივისცემა „მისი ლეგიტიმური საჭიროებების შესაბამისად“ და სანქციების გაუქმება.

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ირანზე

ირანი ხშირად იმუქრება, რომ თუ სანქციები აღდგება, დატოვებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT), რომლის ფარგლებშიც მან ბირთვული იარაღის არშექმნის ვალდებულება აიღო.

მოლაპარაკებები მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება და ირანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაჯიდ თახთ-რავანჩი წარმოადგენს. მსგავსი შეხვედრა სტამბოლში მაისშიც გაიმართა. E3-ის წარმომადგენლების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოადგილე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც 2015 წლის შეთანხმებას აშშ-სთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად მოაწერეს ხელი. 2018 წელს აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი იმდროინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია გახდა, რომ „შეთანხმება საკმარისად მკაცრი არ იყო“. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, არც რუსეთს და არც ჩინეთს არ შეუძლიათ ვეტო დაადონ სანქციების ხელახალ ამოქმედებას.

ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, რომლის დროსაც ამერიკულმა B-52 ბომბდამშენებმა სამი ბირთვული ობიექტი დაბომბეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, E3 ქვეყნები ორპირობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ისინი ისრაელის თავდასხმებს უჭერდნენ მხარს და საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ“.

კონფლიქტის ფონზე, რომელსაც ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებითა და ყატარში აშშ-ის ბაზაზე იერიშით უპასუხა, მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სურთ თავიდან აიცილონ შემდგომი კონფლიქტი და მზად არიან მოლაპარაკებების გზით გამოსავლის საპოვნელად, თუმცა აფრთხილებენ, რომ დრო იწურება.

ხუთშაბათს, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელისა და აშშ-ის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ქვეყნის ბირთვული ინდუსტრია „ხელახლა აყვავდება და განვითარდება“.

აღმოაჩინეთ
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს