ისრაელელებმა ნეთანიაჰუს შეწყალების მოთხოვნის წინააღმდეგ პრეზიდენტის სახლთან აქცია გამართეს
დემონსტრანტები, რომელთა შორის ოპოზიციონერი დეპუტატებიც არიან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისგან ნეთანიაჰუს შეწყალების მოთხოვნის უარყოფას ითხოვენ.
თელ-ავივში, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის სახლთან შეკრებილმა მრავალმა ისრაელელმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ კორუფციული ბრალდებების გამო პრეზიდენტისგან შეწყალების მოთხოვნა გააპროტესტა.
The Times of Israel-ის კვირის ნომრის ცნობით, აქციას ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის ქნესეტის წევრი ნაამა ლაზიმიც შეუერთდნენ და ჰერცოგს შეწყალების მოთხოვნის უარყოფისკენ მოუწოდეს.
დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები, რომლებიც ნეთანიაჰუს ისრაელის პოლიტიკურ კრიზისში ადანაშაულებდა, და სკანდირებდნენ სლოგანს: „შენ ხარ ლიდერი, დამნაშავეც შენ ხარ“.
ერთ-ერთმა პროტესტანტმა ნეთანიაჰუს ნიღბითა და ნარინჯისფერი საპატიმრო ფორმით მიმდინარე კორუფციულ საქმეზე გაამახვილა ყურადღება.
აქცია ლოზუნგით „შეწყალება = ბანანის რესპუბლიკას“ გაიმართა. მონაწილეებმა დაცინვის მიზნით დადგეს ბანანების დიდი გროვა, რომელზეც დამაგრებული იყო წარწერა „შეწყალება“.
საქმეები ნომრით 1000, 2000 და 4000
პროტესტი იმ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე გაიმართა, რაც ნეთანიაჰუს მიერ წლების განმავლობაში მიმდინარე კორუფციული საქმის დასასრულებლად პრეზიდენტისგან შეწყალების მოთხოვნას მოჰყვა.
მანამდე ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ჰერცოგმა შეწყალება არ უნდა გასცეს, სანამ ნეთანიაჰუ დანაშაულს არ აღიარებს და პოლიტიკიდან არ წავა.
76 წლის ნეთანიაჰუმ კვირას ოფიციალურად მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა დანაშაული არ უღიარებია. არადა, ისრაელის კანონმდებლობით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების გასაცემად პირმა ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს.
ნეთანიაჰუს სამ კორუფციულ საქმეს შორისაა ე.წ. „საქმე 1000“ (Case 1000), რომელიც ეხება ბრალდებას, რომ ნეთანიაჰუმ და მისი ოჯახის წევრებმა ბიზნესმენებისგან სარგებლის სანაცვლოდ ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს. „საქმე 2000“ ეხება ნეთანიაჰუს სავარაუდო გარიგებას გაზეთ Yedioth Ahronoth-ის გამომცემელ არნონ მოზესთან პოზიტიური გაშუქების სანაცვლოდ. „საქმე 4000“ კი მოიცავს ბრალდებას, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია Bezeq-ის მფლობელ შაულ ელოვიჩს მიენიჭა მარეგულირებელი შეღავათები, საინფორმაციო საიტ Walla-ზე ნეთანიაჰუს სასარგებლოდ მასალების გამოქვეყნების სანაცვლოდ.
გარდა ამისა, 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა ღაზაში ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამო.
2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელის თავდასხმებს ღაზაში 70 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
თავდასხმებმა, რომლებიც თანმხლევი ზიანის გაუთვალისწინებლად ხორციელდებოდა, ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია და თითქმის მთელი მოსახლეობა იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.