ირანმა ათასობით ადამიანის დაღუპვით დასრულებული საპროტესტო აქციების შემდეგ საგამოძიებო კომისია შექმნა
ირანის მთავრობის განცხადებით, შექმნილი კომისია მოვლენების მიზეზების შესასწავლად შესაბამისი უწყებებიდან დოკუმენტებსა და მოწმეთა ჩვენებებს შეაგროვებს.
ირანის მთავრობამ გამოაცხადა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რათა შეისწავლოს საპროტესტო აქციები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების მაღალი ღირებულების წინააღმდეგ დაიწყო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
ირანის მთავრობის სპიკერმა, ფატემე მოჰაჯერანიმ, ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას განაცხადა: „შეიქმნა საგამოძიებო კომისია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც აგროვებს დოკუმენტებსა და მოწმეთა ჩვენებებს“.
სპიკერს არ დაუკონკრეტებია, კომისია მხოლოდ საპროტესტო აქციების გამომწვევ ეკონომიკურ მოთხოვნებს შეისწავლის, თუ აქციების დროს მომხდარ სიკვდილიანობის ფაქტებსაც გამოიძიებს.
„პროცესის დასრულების შემდეგ საბოლოო ანგარიში გასაჯაროვდება და სხვა სამართლებრივი პროცედურები დაიწყება,“ - აღნიშნა მოჰაჯერანიმ.
ხუთშაბათს, მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადება: „ჩვენ დავაკომპლექტეთ ჯგუფები მომხდარის მიზეზების გამოსაძიებლად“, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
საპროტესტო აქციები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 8 იანვრის შემდეგ გამწვავდა, ოფიციალური მონაცემებით, 3 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
ირანელი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთა უმრავლესობა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ან მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ისრაელისა და აშშ-სთვის მომუშავე „ტერორისტებმა“ მოკლეს.
თუმცა, ირანის ფარგლებს გარეთ მოქმედი უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები თავად ესხმოდნენ თავს მომიტინგეებს.
აშშ-ში ბაზირებული „უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტო“ (HRANA) იტყობინება, რომ საპროტესტო აქციების პიკის პერიოდში სულ მცირე 7 005 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ფეზეშქიანმა განაცხადა: „ჩვენ გვრცხვენია, რომ ასეთი სამწუხარო მოვლენები მოხდა“.