ბელგიაში საყოველთაო გაფიცვამ ავიაკომპანიების პარალიზება მოახდინა

გაფიცვა იყო საპროტესტო აქციების სერიის უკანასკნელი გამოვლინება, რომელიც მიმდინარე წელს მთავრობის მიერ საპენსიო და შრომის ბაზრის რეფორმების შეთავაზებების წინააღმდეგ იმართება.

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვამ ავიაკომპანიების პარალიზება მოახდინა / AP

ბელგიაში გამართულმა საყოველთაო გაფიცვამ გამოიწვია ორი ძირითადი აეროპორტიდან ფრენების უმეტესობის შეჩერება და ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება.

სამშაბათს გამართული გაფიცვა იყო ბოლო საპროტესტო აქციების სერიიდან, რომელიც მიმდინარე წელს მთავრობის მიერ საპენსიო და შრომის ბაზრის რეფორმების შეთავაზებების წინააღმდეგ იმართება.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი ყველა რეისი და სავარაუდო დასაფრენი რეისების დაახლოებით ნახევარი გაუქმდა. აეროპორტის სპიკერმა განაცხადა, რომ დაცვის კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ X-ray სკანირების სერვისს, სამშაბათს გაიფიცნენ.

აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტში, შარლერუას აეროპორტში, რომელიც ბრიუსელიდან 60 კმ-ში მდებარეობს, ყველა რეისი გაუქმდა.

ათასობით ადამიანი ჩავიდა ბრიუსელის ჩრდილოეთ სადგურზე (Gare du Nord), რათა მონაწილეობა მიეღოთ ქალაქის ცენტრში დაგეგმილ ფართომასშტაბიან დემონსტრაციაში.

გაფიცვის შედეგად, ბრიუსელში მეტროს, ავტობუსების და ტრამვაის ხაზების უმეტესობა შეფერხდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა STIB-მა ეს ინფორმაცია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა.

"ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაამოძრავებს"

პოლიციამ განაცხადა, რომ სამშაბათს დილით ადრე ქალაქის ზოგიერთ მთავარ ბულვარში ცეცხლის დანთებამ გამოიწვია მოძრაობის კიდევ უფრო მეტი შეფერხება. ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა.

გაფიცულები, რომლებსაც ქვეყნის მთავარი პროფკავშირები ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ ისეთი აქტივისტური ჯგუფები, როგორიცაა „გრინპისი“ და „ოქსფამი“, ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის ხელმძღვანელობით ფედერალური კოალიციური მთავრობის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს.

FGTB-ის პროფკავშირის ლიდერმა ტიერი ბოდსონმა სამშაბათს ფრანგულენოვან სახელმწიფო რადიოსადგურ RTBF-თან საუბრისას განაცხადა: "ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვამოძრავებს, არის საპენსიო ასაკი".

ბოდსონმა დასძინა, რომ რეფორმა არა მხოლოდ შეამცირებს მომავალი პენსიონერების შემოსავალს, არამედ შექმნის გაურკვევლობას სახელმწიფო პენსიების გაანგარიშების მეთოდის შეცვლით.

FGTB-ის ვებგვერდის მიხედვით, პროფკავშირს 1,5 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს.

ახალი ფლამანდრიული ალიანსის (N-VA) პარტიის წევრი დე ვევერი თებერვალში გახდა პრემიერ-მინისტრი და ამჟამად უძღვება ძირითადად მემარჯვენე ორიენტაციის კოალიციას. დე ვევერს, რომელმაც პირობა დადო, რომ გადასახადების გაზრდის გარეშე შეამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს, მომავალი წლის ბიუჯეტის დასრულება უჭირს.