ვენესუელამ აშშ-ის მიერ დაწესებული „ნავთობის სრული ბლოკადა“ უკანონო თავდასხმად შეაფასა და დაგმო
მაშინ, როცა ვაშინგტონის სამხედრო ზეწოლა კარიბის ზღვაში იზრდება, კარაკასი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ნავთობტანკერებზე ვრცელ შეზღუდვებს აწესებს, საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ვენესუელამ სამშაბათს დაგმო ნავთობტანკერებზე დაწესებული შეზღუდვა, რომელსაც ვაშინგტონი „სრულ ბლოკადას“ უწოდებს, და აშშ საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და კარიბის ზღვის აუზში საშიში კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა.
ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაბიჯი წარმოადგენს „უგუნურ და სერიოზულ საფრთხეს“, რომელიც არღვევს თავისუფალი ვაჭრობისა და მიმოსვლის თავისუფლების პრინციპებს.
როდრიგესმა ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ვენესუელის ეკონომიკის გაგუდვისა და მის ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის მოპოვების ღია მცდელობა.
აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ტრამპის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, რომლის მიხედვითაც მან გასცა ბრძანება „სრული და ყოვლისმომცველი ბლოკადის“ შესახებ, რათა სანქცირებულმა გემებმა ვენესუელაში შესვლა და გამოსვლა ვერ შეძლონ.
„ვენესუელა ტრამპის საკუთრება არ არის“
კარაკასმა ამ ზომას „გროტესკული“ უწოდა და ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ისე იქცევა, თითქოს ვენესუელის ნავთობი, მიწები და მინერალური სიმდიდრე შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდეს.
„ტრამპს მიაჩნია, რომ ვენესუელის რესურსები მისი საკუთრებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა „სამხრეთ ამერიკის ისტორიაში უდიდესი ფლოტით არის სრულად ალყაშემორტყმული“ და აღნიშნა, რომ ზეწოლა გაძლიერდება მანამ, სანამ კარაკასი არ დააბრუნებს „ყველა იმ ნავთობს, მიწასა და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე მოგვპარეს“.
ამ სიტყვებით ტრამპი გასულ ათწლეულებში ვენესუელის მიერ აშშ-ის კუთვნილი აქტივების ნაციონალიზაციაზე მიანიშნებდა.
ეს დაპირისპირება მიუთითებს, რომ აშშ-ის მხრიდან თვეების განმავლობაში მიმდინარე ზეწოლამ ახალ პიკს მიაღწია. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ყოფნა გაზარდა და ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილი გემების წინააღმდეგ ოპერაციები ჩაატარა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ აშშ-ის ძალებმა შესაძლოა ვენესუელის ტერიტორიაზე სახმელეთო თავდასხმები განახორციელონ.
დაძაბულობა გამწვავდა 10 დეკემბერს, როდესაც აშშ-ის ძალებმა ვენესუელის სანაპიროებთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავეს - კარაკასმა ეს ქმედება „საერთაშორისო მეკობრეობად“ შეაფასა და დაგმო.
ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ მისი ზომები მიზნად ისახავს ნავთობის უკანონო გადაზიდვის ქსელების განადგურებას, რომლებიც სავარაუდოდ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენება. ვენესუელა კი დაჟინებით აცხადებს, რომ ეს ნაბიჯები ეკონომიკურ ომს და საზღვაო მიმოსვლის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.