ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთი 2026 წელს პაკისტანის ხუთ საბადოზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს დაიწყებს
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები TPAO-ს (თურქეთის ნავთობის კორპორაციას) პაკისტანის ხუთ საბადოზე ძიების უფლებას ანიჭებს და მომავალ წელს ენერგეტიკისა და სამთო მოპოვების სფეროებში თანამშრომლობას აფართოებს.
თურქეთი 2026 წელს პაკისტანის ხუთ საბადოზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს დაიწყებს
თურქეთი 2026 წელს პაკისტანის ხუთ საბადოზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს დაიწყებს / AA

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა ისლამაბადში გამართული მაღალი დონის შეხვედრების დროს განაცხადა, რომ თურქეთი 2026 წლიდან პაკისტანში, სამ ზღვისა და ორ სახმელეთო საბადოზე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოებს დაიწყებს.

სამშაბათს, ბაირაქტარი პრემიერ-მინისტრის ოფისში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შაჰბაზ შარიფს შეხვდა, ასევე, ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა ნავთობის მინისტრ ალი პერვაიზ მალიკსა და ენერგეტიკის მინისტრ (ელექტროენერგიის საკითხებში) სარდარ ავაის აჰმად ხან ლეღარისთან.

შეხვედრების შემდეგ, თურქეთის ნავთობის ეროვნულმა კომპანია TPAO-მ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ბლოკისთვის ექვს პაკისტანურ კომპანიასთან - Mari Energies, Fatima, OGDCL, PPL, Prime და GHPL - ნახშირწყალბადების ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები ანკარასა და ისლამაბადს შორის ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზაზე „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

„ბოლო წლებში თურქეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძიების კუთხით ძლიერი შესაძლებლობები განივითარა. ამ ახალი პარტნიორობით TPAO-მ პაკისტანში უკვე სამი საზღვაო და ორი სახმელეთო საბადოს ლიცენზია მოიპოვა“, - განაცხადა ბაირაქტარმა.

ბაირაქტარმა დაადასტურა, რომ თურქეთი სულ მცირე ერთ საზღვაო ბლოკში ოპერატორის ფუნქციას შეასრულებს და 2026 წელს პაკისტანის წყლებში სეისმური კვლევის გემები გაიგზავნება.

„აქაური მოლოდინების მიმართ ძალიან დიდი იმედები გვაქვს. ჩვენი მიზანია, მომავალ წელს ზოგიერთ საბადოზე სეისმური სამუშაოები, ზოგან კი პირდაპირ ბურღვა დავიწყოთ. ეს თურქეთ-პაკისტანის თანამშრომლობისთვის კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს“, - აღნიშნა მან.

შემდეგი ნაბიჯი: სამთო პროექტები

მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა პარტნიორობის გაფართოებას ნახშირწყალბადების მიღმაც გეგმავს.

ბაირაქტარმა პაკისტანი შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი მინერალური სიმდიდრის მქონე ქვეყანა“ და განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფო სამთო ორგანიზაციები - MTAIC და Eti Maden - მალე ქვეყანაში აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.

„დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში ჩვენი საქმიანობის მსგავსად, პაკისტანშიც სწრაფად ჩავერთვებით ერთობლივ სამთო პროექტებში“, -განაცხადა მან.

ენერგეტიკული პარტნიორობა 5-მილიარდიან სავაჭრო მიზანს უკავშირდება

ბაირაქტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნის მისაღწევად, რაც თებერვალში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პაკისტანში ვიზიტისას განისაზღვრა.

მან დაამატა, რომ თურქეთი და პაკისტანი ნავთობპროდუქტებისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მსხვილი იმპორტიორები არიან და ხარჯების შემცირების მიზნით, ერთობლივი შესყიდვების შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

შეთანხმებები ადრე გადადგმულ ნაბიჯებს ეფუძნება

ისლამაბადში მიღწეული უახლესი შეთანხმებები ეფუძნება თებერვალში, ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილ მემორანდუმებს ნახშირწყალბადების სფეროში თანამშრომლობის, ენერგეტიკული ტრანზიციისა და სამთო მოპოვების შესახებ.

ბაირაქტარის საპასუხო ვიზიტმა აპრილში გზა გაუხსნა TPAO-სა და პაკისტანის ეროვნული კომპანიების მიერ საზღვაო და სახმელეთო ტენდერებში ერთობლივი წინადადებების წარდგენას - ეს წინადადებები კი ახლა უკვე ოფიციალურ საძიებო ლიცენზიებად იქცა.

„პაკისტანი ის ქვეყანაა, რომელთანაც ღრმა კავშირები გვაქვს. არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით დაგვხვდნენ და ვგეგმავთ, რომ ხშირად ვესტუმროთ, როდესაც ეს პროექტები წინ წაიწევს“, - განაცხადა ბაირაქტარმა.

აღმოაჩინეთ
თურქეთის თავდაცვა: საწვავის მილსადენი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში თურქეთი მაგალითად მოიყვანა
ნატო: ანკარის სამიტი მოკავშირეების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება ფოკუსირებული
რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს 20 დოკუმენტს
ევროკავშირმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მისაცემად შეთანხმებას მიაღწია
ტრამპის ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ამჯერად პუტინი პეკინში სი ძინპინს შეხვდა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საბერძნეთი ცდილობს დაფაროს ჩადენილი სისასტიკე
პრეზიდენტ ერდოღანის 19 მაისის გზავნილი
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დურანის გზავნილი 19 მაისთან დაკავშირებით
სტამბოლმა კონგრესის ტურიზმში ბოლო 10 წლის საუკეთესო გლობალურ რეიტინგს მიაღწია
შინაგან საქმეთა მინისტრ ჩიფთჩის გზავნილი 19 მაისს, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს
თურქეთმა დაგმო ისრაელის ჩარევა ღაზის დახმარების ფლოტილიის წინააღმდეგ საერთაშორისო წყლებში
თურქეთი ყირიმელი თათრებისა და ჩერქეზების გადასახლების წლისთავს გამოეხმაურა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა
ისრაელმა ღაზაში საკვების გაცემის პუნქტი დაბომბა, კიდევ 4 პალესტინელი დაიღუპა