ინდონეზიაში 10 დაკარგული ადამიანის ძებნა მე-9 დღეა გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

დასავლეთ იავაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 3 000-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს.

By
ინდონეზიაში 10 დაკარგული ადამიანის ძებნა მე-9 დღეა გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა / Reuters

გასულ კვირას ინდონეზიაში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, ხოლო დასავლეთ იავაში დაკარგული 10 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო Antara News-ი ავრცელებს.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შაბათს შემთხვევის ადგილიდან კიდევ 10 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, რის შედეგადაც დადასტურებულ დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ბანდუნგის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ადე დიან პერმანამ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

პერმანამ აღნიშნა, რომ კვირას სამძებრო სამუშაოები სამძებრო ძაღლებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით გაგრძელდა და ადგილზე სულ 3 713 პერსონალი მუშაობს.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 49 ადამიანის ვინაობა, რომელთა ცხედრებიც ოჯახებს გადაეცათ, ხოლო 78 ადამიანი ცოცხლად გადაარჩინეს.

მეწყერი გასულ შაბათს დასავლეთ ბანდუნგის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ჩამოწვა, რამაც მრავალი სახლი ტალახისა და ნანგრევების ქვეშ მოაქცია.

რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.