რუბიომ ღაზის მართვის გეგმა წარადგინა; შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ძალების გეგმაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ღაზას საერთაშორისო საბჭო და პალესტინელი ტექნოკრატები მართავენ, თუმცა ჰამასის განიარაღების საკითხზე კითხვები კვლავ რჩება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ღაზაში მალე ჩამოყალიბდება მართვის ახალი ორგანოები, რასაც საერთაშორისო ძალების განლაგება მოჰყვება. მისი თქმით, ვაშინგტონი რეგიონში არსებული მყიფე ზავის სტაბილიზაციას ცდილობს.
წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული ვითარება გაუსაძლისია და ხაზი გაუსვა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგაც ისრაელი თავდასხმებს აგრძელებს.
რუბიომ ისაუბრა საერთაშორისო მმართველი საბჭოსა და ადგილზე პალესტინური ტექნოკრატიული ადმინისტრაციის შექმნის გეგმაზე, რასაც მოჰყვება რეგიონში სტაბილიზაციის ძალების განლაგება. „ამიტომ, პირველი ეტაპის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობას ვგრძნობთ“, - განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ მიღწეულია პროგრესი იმ პალესტინელების შერჩევის პროცესში, რომლებიც ტექნოკრატიულ სტრუქტურაში მიიღებენ მონაწილეობას. კონკრეტული ვადების დასახელების გარეშე, რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი მართვის სტრუქტურის შექმნას „ძალიან მალე“ გეგმავს.
რუბიომ ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამ კვირაში დოჰაში პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გამართა. მან აღიარა, რომ მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის ჰამასის განიარაღების გზები, კვლავ პასუხგაუცემელია.
კონფლიქტის შიში
ქვეყნები, რომლებიც სამხედროების გაგზავნას განიხილავენ, შიშობენ, რომ მათი ძალები შესაძლოა კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონმა პოტენციურ მონაწილეებს კიდევ უფრო მეტი სიცხადე უნდა შესთავაზოს ძალების უფლებამოსილებასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, სანამ მათგან საბოლოო ვალდებულებების აღებას მოვითხოვთ, კიდევ რამდენიმე კითხვაზე პასუხი გვმართებს“, - აღნიშნა რუბიომ და დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პაკისტანმა, გამოხატა ინტერესი, რაც ყველა მხარისთვის მისაღები შეიძლება იყოს.
რუბიოს განცხადებით, უსაფრთხოებისა და მართვის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ღაზის აღსადგენად საერთაშორისო დაფინანსების მოსაპოვებლად. „ვინ გამოყოფს მილიარდობით დოლარს იმის ასაშენებლად, რაც ომის განახლების შემთხვევაში ისევ განადგურდება? მათ სურთ იცოდნენ, ვინ იქნება პასუხისმგებელი და იქნება თუ არა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი სტაბილურობა“, - განაცხადა მან.